ჭონქაძის N8-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა
ჭონქაძის N8-ში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი კაპიტალურად გამაგრდა

მთაწმინდაზე, ჭონქაძის ქ. N8-ში „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში კაპიტალურად გამაგრდა საცხოვრებელი სახლი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კახა კალაძემ პროექტის განხორციელებაში ჩართული გამგეობისა და კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა.

„აღნიშნული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლი იყო უმძიმეს მდგომარეობაში. გამაგრების პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. გასულ წელს საძირკველი და მზიდი კედლები გამაგრდა, ასევე ლითონის კუთხოვანებით შეივსო ფანჯრებისა და კარების ღიობები, ხოლო მიმდინარე წელს რეაბილიტაცია შენობის ფასადს ჩაუტარდა, რის შედეგადაც აღდგა და პირვანდელი სახე დაუბრუნდა აივნებს და შუშაბანდს. აღნიშნულ სახლში ცხრა ოჯახი ცხოვრობს და პროექტის დასრულების შემდეგ მათი საცხოვრებელი პირობები საგრძნობლად გაუმჯობესდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. სამუშაოები მთაწმინდის რაიონის გამგეობის დაკვეთით შესრულდა. მინდა, მადლობა გადავუხადო მთაწმინდის რაიონის გამგეობას, მის თითოეულ თანამშრომელს, იმ კომპანიას, ვინც მონაწილეობას იღებდა აღნიშნული პროექტის განხორციელებაში“, –  განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე სახლების რეაბილიტაცია უმნიშვნელოვანესია და ამ პროცესს თბილისის მერია მომავალშიც აქტიურად  განაგრძობს.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. ვიცი, რომ ქალაქში მძიმე მდგომარეობაში არსებული ამგვარი ბევრი ძეგლი გვაქვს, თუმცა ეტაპობრივად მივუყვებით და, ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, სარეაბილიტაციო, განახლების, მოწესრიგების სამუშაოებს ვახორციელებთ. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.