ზოგიერთი მწერიჭამია მცენარე ძუძუმწოვართა ფეკალიების შეგროვებაზე გადაერთო — #1tvმეცნიერება
ზოგიერთი მწერიჭამია მცენარე ძუძუმწოვართა ფეკალიების შეგროვებაზე გადაერთო — #1tvმეცნიერება

დოქისებრი მწერიჭამია მცენარის, ნეპენტესის ზოგიერთი სახეობა მწერების დაჭერიდან და მონელებიდან ცხოველების ფეკალიების შთანთქმაზე გადაერთო, რითაც საკვებ ნივთიერებათა დღიურ დოზას იღებენ; ასეთი გადართვა მცენარისთვის ძლიერ სასარგებლო აღმოჩნდა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ განავლის მჭამელი ეს მცენარეები კვების ასეთი რაციონით უფრო მეტ აზოტს იღებენ, ვიდრე ნეპენტესის სხვა, მწერებზე მონადირე სახეობები. სხვაობა მნიშვნელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ კვების ახალი რაციონი არც ისე მადისაღმძვრელად შეიძლება ჩანდეს.

მცენარეთა ასეთი ცვლილება კარგი გაკვეთილია იმისა, როგორ შეიძლება ისინი მოერგონ მიმდებარე გარემოში ცვლილებებს; თუკი უფრო მეტს გავიგებთ, თუ როგორ გაიუმჯობესა ნეპენტესმა საკვებ ნივთიერებათა მიღების გზები, მით უკეთესად შეგვეძლება მათი დაცვა.

„ნეპენტესის რამდენიმე სახეობა მწერების ჭამიდან ცხოველთა ფეკალიების შთანთქმაზე გადავიდა. დავადგინეთ, რომ ეს სახეობები ამ გზით ორჯერ მეტ აზოტს იღებენ ძუძუმწოვართა ფეკალიებით, ვიდრე ნეპენტესის სხვა სახეობები“, — ამბობს ავსტრალიის ვიქტორიას შტატის სამეფო ბოტანიკური ბაღების მკვლევარი ალასტერ რობინსონი.

კუნძულ ბორნეოს მალაიზიურ ნაწილში, მკვლევართა ჯგუფმა ნეპენტესის ექვსი სახეობა და ოთხი ჰიბრიდი შეისწავლა; ანალიზები ჩაუტარეს მათი ქსოვილის ნიმუშებს, სწავლობდნენ მცენარის მიერ გარედან მიღებული აზოტისა და ნახშირბადის რაოდენობას.

აზოტი ფოტოსინთეზის და მცენარის სხვა პროცესების საკვანძო მამოძრავებელია; როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, აზოტის მძიმე იზოტოპი 15N გაცილებით მეტი რაოდენობით იყო ნეპენტენსში, ვიდრე ახლოს მდგარ სხვა არამწერიჭამია მცენარეებში, განსაკუთრებით მაღალი რაოდენობა კი დაფიქსირდა იმ სახეობებში, რომლებიც ძუძუმწოვართა ფეკალიებს მოიხმარენ.

მწერების ჭამით ეს მცენარეები ისეთ მნიშვნელოვან საკვებ ნივთიერებებს იღებენ, რომლებიც შეიძლება, სხვაგვარად ვერ მიეღოთ აზოტით მწირი ნიადაგიდან. ზღვის დონიდან მაღლა, სადაც მწერების პოპულაციები უფრო ნაკლებია, როგორც ჩანს, მცენარეები ამ ელემენტის ალტერნატიულ წყაროზე გადაერთნენ.

„ტროპიკულ მწვერვალებზე, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მაღლა, მსხვერპლი მწერები იშვიათია; შესაბამისად, საკვები ნივთიერებების მაქსიმალურად მისაღებად, მცენარეები აგროვებენ და ინახავენ აზოტით მდიდარ წყაროებს, მაგალითად, ხის ბიგების ფეკალიებს“, — ამბობს რობინსონი.

ნეპენტესის უმეტეს სახეობაში, საკვების მძებნელი მწერები მისი ფოთლების გლუვ ზედაპირზე სრიალდებიან და შიგნით ვარდებიან, დოქისებრ ღრუში, სადაც წყალი და მომნელებელი სითხეები დგას. 2009 წელს მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ზოგიერთ ამ მცენარეს ურთიერთსასარგებლო ურთიერთობა ჩამოუყალიბდა მთის ხის ბიგებთან: ეს ცხოველები აზოტით მდიდარ ფეკალიებს მცენარის დოქებში ყრიან, თავად კი მცენარის ფოთლებზე არსებული ნახშირწყლებით იკვებებიან.

შემდეგმა კვლევებმა ასეთივე ურთიერთობა გამოავლინა ნეპენტესის ზოგიერთ სახეობასა და მწვერვალის ვირთხებს, ჩიტებსა და ღამურებს შორის. ახლა კი უკვე ვიცით, რომ საკვები ნივთიერებების მიღების თვალსაზრისით, ასეთი კავშირი უფრო სასარგებლოა, ვიდრე მწერების დაჭერა.

ყველა ამ ახალი მიგნების გამოყენება შესაძლებელია საკონსერვაციო სამუშაოებში. მწერიჭამია მცენარეებს შორის, რისკის ქვეშ ყველაზე მეტი სწორედ ნეპენტესის სახეობები იმყოფება. ამ დროისათვის, მის სახეობათა 40 პროცენტი კრიტიკულად საფრთხის ქვეშ მყოფის, საფრთხის ქვეშ მყოფის ან მოწყვლადის სტატუსს ატარებს.

კვლევა Annals of Botany-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.