დადგინდა, რომ ვენერას ბუზიჭერია მცირე მაგნიტურ ველს წარმოქმნის — #1tvმეცნიერება
დადგინდა, რომ ვენერას ბუზიჭერია მცირე მაგნიტურ ველს წარმოქმნის — #1tvმეცნიერება

ვენერას ბუზიჭერია (Dionaea muscipula) ისედაც საკმაოდ მომაჯადოებელი მცენარეა, მაგრამ მეცნიერებმა მის შესახებ რაღაც კიდევ უფრო საოცარი აღმოაჩინეს — ფოთლების დახურვისას, ის გაზომვად მაგნიტურ ველს წარმოქმნის.

ვენერას ბუზიჭერია, იგივე დიონეა, მრავალწლოვანი ბალახოვანი მწერიჭამია მცენარეა დროზერასებრთა ოჯახიდან. აქვს ორნაკვთიანი, მგრძნობიარებეწვებიანი ფოთლები. ფოთოლზე მწერის მოხვედრისას ბეწვები ღიზიანდება, ფოთლის ნაკვთები იკეცება და გამოყოფს საჭმლის მომნელებელ სითხეს. მონელება 5—10 დღე გრძელდება და შემდეგ ფოთოლი კვლავ იხსნება.

აღმოჩენა თავად ამ მცენარეს სცდება და ამ კვლევამ შეიძლება ძალიან ბევრი რამ გვასწავლოს იმის შესახებ, როგორ იყენებს მცენარის ფოთლები მაგნიტური ველის სიგნალიზებას კომუნიკაციისთვის და დაავადების ინდიკატორად (რაც უკვე ვნახეთ ადამიანებში და სხვა ცხოველებში).

კარგად არის ცნობილი, რომ მცენარეები ელექტრულ სიგნალებს ერთგვარი ნერვული სისტემის სახით იყენებენ, მაგრამ ბიომაგნეტიზმის დაფიქსირება საკმაოდ მოუხელთებელია.

2011 წელს მეცნიერებმა მაგნიტური ველის დაფიქსირება სცადეს ძალიან დიდი, სურნელოვანი მცენარე ტიტანის ნიუკას (Amorphophallus titanum) გარშემო; ამისათვის გამოიყენეს ატომური მაგნიტომეტრები, რომლებსაც უმცირესი რხევების დაფიქსირებაც კი შეუძლია.

კვლევამ დაადგინა, რომ მცენარე დედამიწაზე ჩვენ გარშემო არსებული მაგნიტური ველის მემილიონედზე დიდ მაგნიტურ ველს არ გამოიმუშავებდა, რის გამოც, ექსპერიმენტი წარუმატებლად ჩაითვალა.

2011 წლის კვლევის ავტორები მაშინ ამბობდნენ, რომ შემდეგი ნაბიჯი უფრო პატარა მცენარეზე ფოკუსირება უნდა ყოფილიყო.

ახალი კვლევისათვის, მკვლევართა სხვა ჯგუფმა მართლაც პატარა მცენარეს მიმართა.

„წარმოვაჩინეთ, რომ მრავალუჯრედიან მცენარეში მოქმედების პოტენციალი წარმოქმნის გაზომვად მაგნიტურ ველებს, რაც აქამდე დადასტურებული არ იყო“, — ამბობს მაინცის იოჰან გუტენბერგის უნივერსიტეტის ფიზიკოსი ან ფაბრიკანი.

ეს „მოქმედების პოტენციალები“ ელექტრული აქტივობის უცაბედი აღგზნებებია; ვენერას ბუზიჭერიას კი შეიძლება მრავალი სასხლეტი მექანიზმი ჰქონდეს — თუ მას რამე შეეხება, დაზიანებულია, დაზიანებულია სიცხით ან სიცივით ან ამოვსებულია სითხით, მოქმედების პოტენციალი შეიძლება ჩაირთოს.

ელექტრული აქტივობის გასააქტიურებლად კვლევისას მეცნიერებმა სიცხით სტიმულირებას მიმართეს, მაგნიტური ველის აშლილობათა გასაზომად კი მინის უჯრედული მაგნიტომეტრი გამოიყენეს. ამ მეთოდმა მინიმუმამდე შეამცირა ფონური ხმაური და სხვა უპირატესობების ჰქონდა სხვა მეთოდებთან შედარებით, მაგალითად, შესაძლებელია მისი მინიატურიზება და არ მოითხოვს კრიოგენულ გაციებას.

გაზომილი მაგნიტური სიგნალები 0,5 პიკოტესლას ამპლიტუდამდე ავიდა, რაც ადამიანის ნერვული სიგნალების ტოლია და მაგრამ მილიონობით სუსტია დედამიწის მაგნიტურ ველზე — პატარა ჭავლია, მაგრამ მაინც დაფიქსირებადი.

„შეიძლება ითქვას, რომ ეს კვლევა ჰგავს მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფიას ადამიანებში. პრობლემა ის არის, რომ მცენარეებში მაგნიტური სიგნალები ძალიან სუსტია და სწორედ ამის გამო იყო მათი გაზომვა ზედმეტად რთული ძველი ტექნოლოგიებით“, — განმარტავს ფაბრიკანი.

მაგნიტო-რეზონანსულ ტომოგრაფის გარდა, ადამიანებში მაგნიტური ველების გასაზომად სხვა მეთოდებსაც იყენებენ, მაგალითად, ელექტროენცეფალოგრაფიას (EEG) და მაგნიტოენცეფალოგრაფიას (MEG), რომელთა შედეგადაც, პრობლემების გამოვლენა ყოველგვარი ინვაზიური პროცედურების გარეშე ხდება.

ამ კვლევის წყალობით, იგივე სახის სკანირებათა ჩატარება ახლა უკვე მცენარეებზეც არის შესაძლებელი — მცენარეები ისე შეიძლება შეამოწმონ ტემპერატურის ცვლაზე, ქიმიურ ნივთიერებათა ცვლილებებზე ან პესტიციდებზე, რომ თავად მცენარეები არ დაზიანდეს.

ამას გარდა, ეს ახალი ცნობები დაემატა ჩვენს სულ უფრო მზარდ ცნობებს იმის შესახებ, როგორ გზავნიან მცენარეები შინაგანად და გარეგანად, როგორ ეკონტაქტებიან ერთმანეთს იმ ფარული ქსელის საშუალებით, რომლის ამოცნობა და კვლევაც მეცნიერებმა ახლახანსღა დაიწყეს.

„პრინციპის მტკიცებულების გარდა, ჩვენი აღმოჩენა გზას უხსნის ცოცხალ მცენარეებში ბიომაგნეტიზმის მოლეკულური საფუძვლის შესწავლას“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

მათივე განცხადებით, მომავალში, მაგნიტომეტრიის გამოყენებით შეიძლება შევისწავლოთ გრძელმანძილიანი ელექტრული სიგნალირება სხვადასხვა სახეობის მცენარეში და შეიქმნას სტრესზე და დაავადებებზე მცენარეთა დიაგნოსტიკის არაინვაზიური საშუალებები.

კვლევა Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.