ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგა
ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგა

ზიმბაბვეს პრეზიდენტი რობერტ მუგაბე გადადგა – ქვეყნის პრეზიდენტმა მოულოდნელი გადაწყვეტილება იმ დროს მიიღო, როდესაც პარლამენტში ქვეყნის მეთაურის იმპიჩმენტის პროცედურებზე მსჯელობდნენ.

გადადგომის შესახებ წერილი 93 წლის პრეზიდენტმა პარლამენტს გაუგზავნა. ზიმბაბვეში სამხედროების მიერ კონტროლის დამყარების მიუხედავად, მუგაბე გადადგომაზე უარს აცხადებდა.

პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, დედაქალაქ ჰარარეში მოსახლეობა საზეიმო მსვლელობას მართავს. ზიმბაბვეში არეულობა გასულ კვირაში მას შემდეგ დაიწყო, რაც პრეზიდენტმა ვიცე-პრეზიდენტი თანამდებობიდან გადააყენა და აღნიშნულ პოსტზე მეუღლის დანიშვნას გეგმავდა.

სამხედროები გადატრიალებას არ აღიარებდნენ და აცხადებდნენ, რომ ვითარებაზე კონტროლის აღება კრიმინალების გასანეიტრალებლად გახდა საჭირო. პრეზიდენტი შინაპატიმრობაში იმყოფებოდა.

რობერტ მუგაბე ქვეყანას 1980 წლიდან მართავდა.