„ზეთისხილის რტოს“ ერთი თვე - შედეგები და მიზნები
„ზეთისხილის რტოს“ ერთი თვე - შედეგები და მიზნები

40-ზე მეტი სოფელი და 400-კვადრატულ კილომეტრამდე ტერიტორია – ასეთია სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაციის შედეგი. თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის საზღვარი 20 იანვარს გადალახეს და ქურთების მიერ კონტროლირებულ აფრინის ანკლავში შევიდნენ. ორგანიზებული იერიშის მიუხედავად, თურქეთის არმიას ქურთული სამხედრო ჯგუფები აქტიურ წინააღმდეგობას უწევენ. სამხედრო ოპერაციას თან ახლავს მსხვერპლი, ინფორმაცია კი ურთიერთგამომრიცხავია.

თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ოპერაციის შედეგად 32 ჯარისკაცი დაიღუპა, ქურთების მხარეს კი დანაკარგი 1 715 მებრძოლია. განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ცენტრი, რომლის ინფორმაციით, სირიაში 238 მებრძოლი (მათ შორის თურქი სამხედრო), ასევე ქურთული „სახალხო თავდაცვის შენაერთის“ 197 მებრძოლი და 94 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

სირიის ხელისუფლების ინფორმაციით კი, თურქეთის იერიშს 175 მოქალაქე ემსხვერპლა. თურქეთის ხელისუფლება სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ ოპერაციის ფარგლებში მშვიდობიანი მოსახლეობა სამიზნეს არ წარმოადგენს.

თურქეთის სამხედრო ოპერაციის მიზანი სამხრეთ საზღვრებთან ტერორისტული საფრთხის განეიტრალებაა. ანკარაში ამბობენ, რომ სირიის ჩრდილოეთში ქურთები „ტერორისტული კორიდორის“ შექმნას ცდილობენ. თურქეთი სირიელი ქურთების ჯგუფებს ტერორისტულ ორგანიზაციებად განიხილავს. ქურთული „სახალხო თავდაცვის შენაერთი“ ჩრდილოეთ სირიაში ტერიტორიებს 2012 წლიდან აკონტროლებს. ქურთებმა აღნიშნული ზონიდან ე.წ. ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები განდევნეს.

თურქეთის სამხედრო ოპერაციის მიზანი გარდა ტერორისტული საფრთხის განეიტრალებისა, პოლიტიკური ხასიათისაა. თურქეთში ფიქრობენ, რომ სამხედრო წარმატებების შემდეგ სირიის ჩრდილოეთში ქურთები ავტონომიური უფლებების მოპოვებას შეეცდებიან. აღნიშნულ ფაქტორს კი თურქეთი ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ აფასებს, რადგან თურქეთის ტერიტორიაზე 20 მილიონამდე ეთნიკური ქურთი ცხოვრობს. ანკარა შიშობს, რომ სირიელი ქურთების განწყობა თურქი ქურთების სეპარატიზმს გააღვივებს.

სირიის ჩრდილოეთში თურქეთის სამხედრო ოპერაცია ანკარასა და ვაშინგტონის უთანხმოების საფუძველიც გახდა. რადიკალ ისლამისტებთან ბრძოლაში აშშ ძირითადად ქურთების სამხედრო ფორმირებებს ეყრდნობოდა და მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებასაც უწევდა. აღნიშნულმა ფაქტორმა ნატოელი მოკავშირეების ურთიერთობები გაართულა. სამხედრო ოპერაცია ამჟამად სირიაში, აფრინისა და აზაზის რეგიონებში მიმდინარეობს. ანკარა მესამე სამიზნედ ქალაქ მანბიჯსაც ასახელებდა, სადაც ქურთებთან ერთად 2 000 ამერიკელი სამხედროა ბაზირებული. თურქეთსა და აშშ-ის შორის დაძაბულობა მცირედით განმუხტა ანკარაში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ვიზიტმა, თურქეთმა კი მანბიზე იერიში დროებით გადაიფიქრა და საუბარი ერთობლივი მექანიზმის შექმნაზე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ერთთვიანი სამხედრო ოპერაციის მიმდინარეობისას დაპირისპირება მხოლოდ თურქეთის არმიასა და ქურთულ სამხედრო ჯგუფებს შორის მიმდინარეობს და სირიის ხელისუფლება საქმეში აქამდე არ ჩარეულა. ოფიციალურ დამასკოს ბრძოლა ქვეყნის შიგნით კიდევ არაერთ ფრონტზე უწევს. თუმცა ოპერაცია „ზეთისხილის რტოს“ დაწყებიდან ერთი თვის თავზე ცნობილი ხდება, რომ სირიის სახელისუფლებო ჯარებმა აფრინში შესვლა დაიწყეს.

სირიის სახელმწიფო ტელევიზიამ სამხედრო კოლონის გადაადგილების ამსახველი მასალა გაავრცელა. ჯარისკაცებს მანქანებზე სირიის სახელმწიფო დროშები აქვთ დამაგრებული. აფრინში ქურთული „სახალხო თავდაცვის შენაერთის“ წარმომადგენელი, ბრუსკ ჰასეკე ამბობს, რომ აფრინში სამთავრობო ჯარი მოსახლეობის დასაცავად და თურქეთის სამხედრო ოპერაციის შესაჩერებლად შედის. აფრინში სირიის არმიის შესვლასთან დაკავშირებით ინფორმაცია ბოლო დღეებია ვრცელდება. 19 თებერვალს ინფორმაციაზე კომენტირებისას თურქეთის ვიცე-პრემიერმა, ბეკირ ბოზდაგმა თქვა, რომ აფრინში სირიის ჯარის შესვლა კატასტროფის მომტანი იქნება, რაც სირიის დაყოფას გამოიწვევს.

სირიის ჯარის აფრინში შესვლა თურქეთს ამოცანას ურთულებს, თუმცა როგორც ჩანს ანკარა უკან დახევას არ აპირებს. ფაქტი ერთია, რომ სირიაში თურქეთის სამხედრო ოპერაცია სრულიად ახალ ფაზაზე გადადის, რომლის შედეგების პროგნოზირება ჯერჯერობით რთულია.