ზბიგნევ რაუ - გვჯერა უკრაინის გამარჯვების, თუმცა მისი პოლიტიკა მავნე და შეურაცხმყოფელია, საჭირო იქნება ბევრი მუშაობა, რათა აღდგეს პოლონეთის საზოგადოების ნდობა უკრაინის ხელისუფლების კეთილგანწყობისადმი
ზბიგნევ რაუ - გვჯერა უკრაინის გამარჯვების, თუმცა მისი პოლიტიკა მავნე და შეურაცხმყოფელია, საჭირო იქნება ბევრი მუშაობა, რათა აღდგეს პოლონეთის საზოგადოების ნდობა უკრაინის ხელისუფლების კეთილგანწყობისადმი

ჩვენ გვჯერა უკრაინის გამარჯვების, თუმცა მისი პოლიტიკა მავნე და შეურაცხმყოფელია, – ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

მისი თქმით, პოლონეთის შედარება რუსეთთან, რაც ბოლო დღეებში უკრაინელი პოლიტიკოსების განცხადებებში გვესმის, უკიდურესად შეურაცხმყოფელია პოლონელი საზოგადოებისთვის.

რაუმ აღნიშნა, რომ იმავე სახლებში, სადაც პოლონელები მიესალმნენ უკრაინელ ლტოლვილებს და უსმენდნენ მათ ისტორიებს, „დღეს გაკვირვებული ვართ, როგორ შეიძლება, პოლონელები და რუსები მოიხსენიონ ერთად, როგორც უკრაინელებისთვის ზიანის მიმყენებლები“.

„საუკუნეების მანძილზე პოლონეთი და უკრაინა იყვნენ რუსული იმპერიალიზმის მსხვერპლნი, ისინი ცდილობდნენ ჩვენს დამორჩილებას – 1939 წელს პოლონეთში, 2022 წელს უკრაინაში – გაუპატიურების, ძარცვის, დეპორტაციისა და წამების გზით. ჩვენი მთავრობის დახმარება უკრაინისა და უკრაინელებისთვის გახდა შესაძლებელი უკრაინის მიმართ სიყვარულისა და თანაგრძნობის წყალობით, თითქმის ყველა პოლონური ოჯახის მხრიდან“, – განაცხადა რაუმ.

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ საჭირო იქნება ძალიან ბევრი მუშაობა, რათა აღდგეს პოლონეთის საზოგადოების ნდობა უკრაინის ხელისუფლების მიმართ.

„მიგვაჩნია, უკრაინის ამჟამინდელი პოლიტიკა არა მხოლოდ მავნე, მტკივნეული, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შეურაცხმყოფელია. პოლონეთს სჯერა უკრაინის გამარჯვების, მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ, პოლონეთთან ურთიერთობა პოლონეთისა და უკრაინის მიმართ მტრულად განწყობილი ადამიანების ინტერესის მიხედვით განვითარდეს. საჭირო იქნება ძალიან ბევრი მუშაობა, რათა აღდგეს პოლონეთის საზოგადოების ნდობა უკრაინის ხელისუფლების კეთილგანწყობის მიმართ“, – აღნიშნავს რაუ განცხადებაში.

მანამდე პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა, რომ ვარშავა ახლა ორიენტირებულია საკუთარი არმიის შეიარაღებაზე და ამიტომ კიევს სამხედრო დახმარებას არ გადასცემს.