ზაზა გაბუნია - ზურაბ ალავიძემ ეფექტურად იმუშავა და ბევრი პროექტით დაგვამახსოვრა თავი
ზაზა გაბუნია - ზურაბ ალავიძემ ეფექტურად იმუშავა და ბევრი პროექტით დაგვამახსოვრა თავი

ზურაბ ალავიძე მთავრობაში კერძო სექტორიდან მოვიდა და კერძო სექტორში წავიდა, მაგრამ აღნიშნულ შუალედში ეფექტურად იმუშავა, – ამის შესახებ პირველ არხს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ განუცხადა, რომელიც სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა.

დეპუტატის თქმით, სამთავრობო ცვლილებები პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა.

„ეს ცვლილება პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადებას არ იწვევს. პრემიერ-მინისტრმა საკუთარი კაბინეტის განახლების გადაწყვეტილება იმ არგუმენტაციის საფუძველზე მიიღო, როგორც მას მართებულად მიაჩნდა. რაც შეეხება დასახელებულ მიზეზს, ზურაბ ალავიძე მთავრობაში კერძო სექტორიდან მოვიდა და კერძო სექტორში წავიდა, მაგრამ ამ შუალედში ეფექტურად იმუშავა და თავი ბევრი პროექტით დაგვამახსოვრა. როგორც პრემიერმა თქვა, მას ალავიძის დასარწმუნებლად დიდი დრო დასჭირდა, რომ საჯარო სექტორში დარჩენილიყო, მაგრამ ამ დარწმუნების მცდელობამ ნაყოფი არ გამოიღო და ალავიძე თავის პოზიციაზე დარჩა. ეს სპონტანური გადაწყვეტილება არ იყო, რასაც პრემიერმა ხაზი გაუსვა”, – განაცხადა გაბუნიამ.

დეპუტატი „ევროპული საქართველოს“ მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ოპოზიციის განცხადება სახელმწიფო სტრუქტურების დისკრედიტაციის მცდელობა იყო.

„ასეთი განცხადებები წარსულშიც კეთდებოდა და გუშინაც მოვისმინეთ, მაგრამ ასეთ განცხადებებს ხშირად ახასიათებდა მიზანმიმართული კამპანიის კვალი, რომ დისკრედიტაცია მოხდეს არა კონკრეტული პერსონის, არამედ სახელმწიფო სტრუქტურების, რაც გუშინდელ განცხადებაში ჩანდა”, – დასძინა გაბუნიამ.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე ზურაბ ალავიძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, მაია ცქიტიშვილმა შეცვალა,  – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.  ზურაბ ალავიძე მუშაობას კერძო სექტორში გააგრძელებს.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ განცხადებას, პარტიამ საავტომობილო გზების დეპარტამენტი კორუფციულ საქმიანობაში დაადანაშაულა. გუშინ გივი თარგამაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კორუფციული გარიგებები ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის ხელშია. მისი თქმით, ერთ-ერთი მსხვილი კორუფციული სქემა გზის მშენებლობისა და საფარის დაგებას ეხება.