პარლამენტის კომიტეტებში „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტზე მსჯელობა დაიწყო
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია დაცულ ლანდშაფტში ენერგეტიკული პროექტების განხორციელების წინააღმდეგია.
კომიტეტზე დღეს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების პროექტზე მსჯელობა დაიწყო.
ზაზა გაბუნიას განცხადებით, წარდგენილი პროექტი მეტ კონკრეტიკას საჭიროებს.
„მიმაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი არ არის საუკეთესო რედაქცია, აქ არის ბევრი ბუნდოვანება. საჭიროა ბევრი კონკრეტიკა და დაზუსტება საკითხთან დაკავშირებით. მაგალითად, ერთ-ერთ მუხლში, სადაც საუბარია იმაზე, რომ დაცულ ტერიტორიებს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო, გარდა კანონით განსაზღვრული შემთხვევებისა, არ ვიზიარებთ ახალი სუბიექტის დამატებას. ასევე არ ვიზიარებთ იმას, რომ შემოთავაზებულია დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ენერგეტიკული მნიშვნელობის ობიექტისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის მშენებლობა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ.
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განიხილება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „არაგვის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“; „თრუსოს დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“.