ზაქარია ქუცნაშვილი - უმრავლესობის სხდომაზე დავაკონკრეტეთ კანონპროექტში უზენაესი სასამართლოს წევრად განწესების კრიტერიუმები
დღევანდელ სხდომაზე დავაკონკრეტეთ ის სიახლეები, რასაც ითვალისწინებს კანონპროექტი უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობაზე განწესების შესახებ, – ამის შესახებ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ განაცხადა.
„თავდაპირველი ვერსიით, მხოლოდ მოსამართლეობის გამოცდილების მქონე იურისტებს ექნებოდათ უფლება, მიეღოთ მონაწილეობა უზენაეს სასამართლოში მოსამართლის კონკურსში. ჩვენ ამ წესს, თავდაპირველ მოსაზრებას ვაუმჯობესებთ, რადგან ეს ავიწროებდა იურისტთა წრეს 400-500 იურისტამდე. ყველა იურისტს, ვისაც აქვს ხუთწლიანი მუშაობის გამოცდილება სფეროს მიუხედავად, მიეცემა კონკურსში მონაწილეობის უფლება. მეორე – თავდაპირველი მოსაზრება რაც იყო, რომ ყველას უნდა ჰქონოდა ჩაბარებული მოსამართლის გამოცდა, რათა მიეღო მონაწილეობა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა კონკურსში, ამ წესს მოდიფიცირებას ვუკეთებთ იმ თვალსაზრისით, რომ გვეყოლება კანდიდატები, ვისაც უკვე ჩაბარებული აქვს მოსამართლის გამოცდა და ვისაც ჩაბარებული არ აქვს, ისიც. ვისაც არ აქვს ჩაბარებული, ექნება საშუალება, ჩააბაროს მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა და ამით დაადასტუროს თავისი კომპეტენტურობა“, – აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, მესამე საკითხი იუსტიციის საბჭოს წევრების უზენაეს სასამართლოში განწესების წესს ეხება.
„კონკრეტული სიახლეა, რომ თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელიმე წევრი მოინდომებს, განწესდეს უზენაესი სასამართლოს წევრად და დააყენებს საკუთარ კანდიდატურას განსახილველ პირთა წრეში, არ ექნება უფლება, მონაწილეობა მიიღოს გრძელი სიის კანდიდატების შერჩევაში, არ ექნება მონაწილეობის უფლება მოკლე სიის კანდიდატების შერჩევაში. მას ასევე არ ექნება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაში საკუთარი თავისთვის ხმის მიცემის უფლება, რითაც საფუძველშივე გამოვრიცხავთ ინტერესთა კონფლიქტს. საბოლოო ჯამში, გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტი მიიღებს“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
პარტია „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობდა.