ზაქარია ქუცნაშვილი - ქართული საზოგადოების და ჩემი ამომრჩევლის გარდა ბოდიშს არავის მოვუხდი
ზაქარია ქუცნაშვილი აცხადებს, რომ მას რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვისთვის ბოდიში არ მოუხდია.
როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის უცნობია, თუ ვინ დაფარა იმ სპეცრეისის თანხა, რომლითაც რუსმა დეპუტატებმა საქართველო დატოვეს.
,,ქართული საზოგადოების გარდა და ჩემი ამომრჩევლის გარდა ბოდიშს არავის არ მოვუხდი, იმიტომ რომ არავის ეს ბოდიში არ ეკუთვნის”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, როგორ აღმოჩნდა გავრილოვი ირაკლი კობახიძის სკამზე, ქუცნაშვილი განმარტავს, რომ ეს თავიდან ბოლომდე საერთაშორისო ასამბლეის სპონტანური გადაწყვეტილება იყო, რომელიც ორგანიზაციამ თავად მიიღო და ქართული დელეგაცია საქმის კურსში არ ჩაუყენებია. ქუცნაშვილი ამბობს, რომ პროგრამით, სხდომა ბერძენ დელეგატს უნდა წაეყვანა.
,,მოხდა ის, რომ პარლამენტის სპიკერატში მოულოდნელად გაჩნდა ორი სკამი. შესაბამისად, როცა დავინახეთ, რომ ტრიბუნაზე გაჩნდა ორი სკამი, მივმართე გენერალურ მდივანს და ვუთხარი, ვისთვის იყო მეორე სკამი განკუთვნილი. მან მითხრა, რომ პრეზიდენტი ქვეყანა არის რუსეთის ფედერაცია, ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაცია ვართ და თავად ვწყვეტთ საორგანიზაციო საკითხებსო. როდესაც არ დამიჯერეს, ვთხოვე, კი ბატონო, იჯდეს, მაგრამ სხდომა მაინც თქვენ წაიყვანემეთქი, სამწუხაროდ, არც ეს გაითვალისწინეს, იმიტომ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობაში ვერ ჩაერევი, შესაბამისად, მოხდა ის, რაც მოხდა”, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზაქარია ქუცნაშვილმა, რომელიც დეპუტატის მანდატს ტოვებს.