ზაქარია ქუცნაშვილი - ლადო კახაძის დამსახურება იმდენად დიდია, მასთან კონკურენცია ბევრს გაუჭირდება
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, 19 მაისის შუალედური არჩევნების სახით შეჯიბრი იწყება, სადაც „ქართული ოცნება“ კარგ შედეგებს მიაღწევს და ყველა საარჩევო ოლქში გაიმარჯვებს.
ჟურნალისტებთან საუბარში ზაქარია ქუცნაშვილი მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ლადო კახაძის კანდიდატურის წარდგენას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მთაწმინდელების წინაშე კახაძის დამსახურება იმდენად დიდია, რომ მასთან კონკურენცია ბევრს გაუჭირდება.
„მისი დამსახურება იმაში მდგომარეობს, რომ ლადო კახაძე იყო თბილისის პირველი საკრებულოს თავმჯდომარე, რა დროსაც შემუშავდა მთაწმინდის ფერდობის დაცული პროგრამა უხვი ნალექებისგან, მათ შორის მიწისქვეშა კომუნიკაციების პროექტი გაკეთდა. სწორედ ამ პროექტზე დაყრდნობით მოხდა რუსთაველისა და ოპერის თეატრების რეაბილიტაცია, რომლის საძირკველი გამორეცხილი ჰქონდა მთაწმინდის წყლებს.
ლადო კახაძე ბევრ მთაწმინდელსა და თბილისელს მოემსახურა უფასოდ, როგორც ექიმი და როგორც კონსულტანტი. მისი დამსახურებაა იმაში, რომ ყოველთვის თბილისელების ინტერესების სადარაჯოზე იდგა. შეჯიბრი იწყება და ნახავთ, რომ ამ შეჯიბრში „ქართული ოცნება“ კარგ შედეგებს მიაღწევს, ყველგან გავიმარჯვებთ, მაგრამ არც ტრაგედიაა იმაში, რომ ოპოზიციის წარმომადგენელმა გაიმარჯვოს”, – განაცხადა ქუცნაშვილმა.