ლადო კახაძე - სრულიად საქართველოს ბინადარნო, ჩემო ძვირფასებო, შეზღუდვები გავისიგრძეგანოთ, ამის დაცვის გარეშე ვირუსი მის სასარგებლოდ გადახრის პინას
ლადო კახაძე - სრულიად საქართველოს ბინადარნო, ჩემო ძვირფასებო, შეზღუდვები გავისიგრძეგანოთ, ამის დაცვის გარეშე ვირუსი მის სასარგებლოდ გადახრის პინას

სრულიად საქართველოს ბინადარნო, ჩემო ძვირფასებო, შეზღუდვები გავისიგრძეგანოთ, ამის დაცვის გარეშე ვირუსი მის სასარგებლოდ გადახრის პინას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან კორონავირუსის გავრცელების მომატებულ მაჩვენებელზე ისაუბრა.

მისივე თქმით, დადებითობის მაჩვენებელი 4-მდე თუ აიწევს, ქვეყანაში კვლავ გამკაცრდება რეგულაციები.

„დედამიწას დაუძინებელი მტერი გვყავს, ეს არის კოვიდინფექცია, წელიწად-ნახევარი გავიდა და ჩვენი, ადამიანების მეოხებით და ჩართულობით, ეს კოვიდი წარმატებას აღწევს. ყველამ კარგად უწყის, რომ ეს ვირუსი, რომელიც მრავლდება, ფორმას იცვლის, შტამებს იცვლის, ჩვენვე გადაგვაქვს. ჩვენს მოსახლეობას მივმართავ, ახლა მე ოჯახში ვლაპარაკობ, საქართველოში, აქ ყველანი ერთნი ვართ, აქ მტერ-მოყვარე არ გაირჩევა: ჯერადი მატება გვაქვს, ადამიანებო, ეს არ არის რამდენიმე ციფრით მატება.  3.66-ზე ავიდა დადებითობის მაჩვენებელი, 4 არის უკვე კრიტიკული ნიშნული, რომელიც გვაიძულებს იმ ღონისძიებების მხარეს გადავიხაროთ, რომელიც არავის მოგვწონს: არც კანონმდებლებს, არც აღმასრულებლებს, არც ბიზნესს, არც განათლებას, არც სპორტს. ხომ ხედავთ, დარბაზშიც შევთხელდით, ჩვენც მოგვერია, რაღაც-რაღაცები გამომჟღავნდა.

არ შემიძლია არ ვთქვა, ბოდიშს მოვიხდი, არავის მინდა ეწყინოს: კატასტროფულად დაფარულ პირობებში იმართება სარიტუალო თუ გასართობი თავყრილობები, კანონის და თქვენივე ცხოვრების წესის საწინააღმდეგოდ. სრულიად საქართველოს ბინადარნო, ჩემო ძვირფასებო, თქვენთვის მიღებული ეს შეზღუდვები გავისიგრძეგანოთ. ამის დაცვის გარეშე ვირუსი მის სასარგებლოდ გადახრის პინას“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

დეპუტატმა ვაქცინაციის აუცილებლობაზეც ისაუბრა და მოსახლეობას აცრისკენ მოუწოდა.

„ჯერ საავადმყოფოს პალატაში წევს დედამიწა, ექიმები და პაციენტები კი ერთმანეთში ნდობის აღდგენას აპირებენ იმიტომ, რომ ბევრი ანტივაქსერია, ბევრი ადამიანია, რომელიც საკონკურენციო ველზე გამოსულია აცრის წინააღმდეგ. ძალიან გთხოვთ, ორი არჩევანია: ან ვაქცინაცია და გონივრული ნაბიჯი ან დაყოლა იმ შინაგან უნდობლობის ფაქტორზე, რომელიც 1-3 პროცენტია, მაგრამ მერე გაბუქებით 25-40 პროცენტამდე ადის. ძალიან ვთხოვ მოსახლეობას, ჩვენი გადარჩენა ვაქცინაციაშია და მივხედოთ ამას“, – განაცხადა ლადო კახაძემ.