იაგო ხვიჩიამ ლადო კახაძეს მიმართა - კარის უკან ხართ ნამყოფი? იქ რაც ხდება, დეპუტატები რომ ვეწევით, მას შემდეგ რანაირად შეიძლება, სხვა ადამიანებს საკუთარ მანქანაში მოწევა ავუკრძალოთ
იაგო ხვიჩიამ ლადო კახაძეს მიმართა - კარის უკან ხართ ნამყოფი? იქ რაც ხდება, დეპუტატები რომ ვეწევით, მას შემდეგ რანაირად შეიძლება, სხვა ადამიანებს საკუთარ მანქანაში მოწევა ავუკრძალოთ

კარების უკან თუ ხართ ნამყოფი? იქ რაც ხდება, ჩვენ, დეპუტატები რომ ვეწევით, მას შემდეგ რანაირად შეიძლება, სხვა ადამიანებს საკუთარ მანქანაში მოწევა ავუკრძალოთ, – ასე მიმართა „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ლადო კახაძეს, რომელიც თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონპროექტს დეპუტატებს წარუდგენს.

როგორც იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, კანონპროექტის მიხედვით მოწევა იკრძალება ნავებში, რაც სრულიად გაუგებარია.

„კითხვა მაქვს, ცვლილებების მიხედვით რაზეც ახლა არის საუბარი, მოწევა იკრძალება ნებისმიერ სატრანსპორტო საშუალებაში, მათ შორის ნავებში, ყველა სახის ნავში. თუ ნავებში ვკრძალავთ, როცა თევზაობს ადამიანი, ნავი აქვს და ვუკრძალავთ სიგარეტის მოწევას, თუ ზოგადად არ ვართ წინააღმდეგი, რომ სრულად ავკრძალოთ სიგარეტი, ამაზე დასაშვები ადგილი სად უნდა იყოს. კიდევ ერთი კითხვა მაქვს – ამ კარების უკან თუ ხართ ნამყოფი? იქ რაც ხდება, ჩვენ, დეპუტატები რომ ვეწევით, მას შემდეგ რანაირად შეიძლება სხვა ადამიანებს საკუთარ მანქანაში მოწევა ავუკრძალოთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ცვლილებები შედის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონში. პროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები – დიმიტრი ხუნდაძე და ლადო კახაძე არიან.

ცვლილებებით იგეგმება თამბაქოს მოწევის აკრძალვა ტაქსიში, ასევე ავტომობილში, თუ ავტომობილით არასრულწლოვნის გადაყვანა ხდება. ამასთან, თამბაქოს მოწევის აკრძალვა ისეთ სატრანსპორტო საშუალებაზეც გავრცელდება, როგორიცაა კატერი. ზემოთ აღნიშნული ცვლილებებიდან გამომდინარე, დაწესდება ჯარიმები. კერძოდ, ტაქსისა და კატერისთვის ჯარიმა განსაზღვრული იქნება 200 ლარის ოდენობით, როგორც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლის მიერ მოწევის აკრძალვის მოთხოვნის შეუსრულებლობისა და ასევე, ამ მოთხოვნის აღუკვეთებლობისთვის.

ცვლილებებით, წესდება ჯარიმები მძღოლის მიერ თამბაქოს მოწევისთვის ავტოსატრანსპორტო საშუალებაში (ავტომობილში) ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით არასრულწლოვნის გადაყვანისას. ჯარიმა განსაზღვრულია 50 ლარის ოდენობით.