ლადო კახაძე - განწყობა კარგი მაქვს, ვაქცინაცია არის აბჯარი, წინ გველოდება ნახტომისებური განვითარება
ლადო კახაძე - განწყობა კარგი მაქვს, ვაქცინაცია არის აბჯარი, წინ გველოდება ნახტომისებური განვითარება

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე აცხადებს, რომ ვაქცინაციის შემდეგ თავს კარგად გრძნობს. მისივე თქმით, განწყობა კარგი აქვს.

როგორც კახაძე ამბობს, პანდემიის დამარცხების გზაზე ვაქცინაცია არის აბჯარი, რითაც ადამიანი ორგანიზმში იმუნურ სისტემას იმაღლებს.

„ამ დროის შესაბამისად, როცა რაღაც წუთებია გასული, ადგილობრივი რეაქცია არ ყოფილა, არც არანაირი შეგრძნება არ მაქვს. განწყობა კარგი მაქვს. მთავარი არის ჩვენი თანადგომა და ურთიერთპატივისცემა, გონივრული და პრაგმატული მიდგომა –  ეს არის გზა, რომ პანდემიის სახით არსებული ძალიან დიდი გამოწვევა დავძლიოთ და გავიდეთ ამ მდგომარეობიდან. ჩვენ წინ ნახტომისებური განვითარება გველოდება. ამიტომ ჯანმრთელები და აბჯარასხმულები უნდა შევხვდეთ. ვაქცინაცია არის აბჯარი, ორგანიზმის საკუთარი იმუნური სისტემის გაძლიერება და იმ შემთხვევაშიც, თუ ვირუსი აცრილი ადამიანის ორგანიზმში მოხვდება, განადგურდება. ჩვენი ქვეყნის ხელისუფალი მზად ვართ იმ გაიდლაინის შესასრულებლად, რომელიც რეკომენდებული არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ექიმებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, ისინი პაციენტებთან ერთად მოწინავეთა რიგში დგანან და მათი გააქტიურება კიდევ ერთხელ მოგვცემს მწვანე შუქის ანთებას პანდემიის დამარცხების გზაზე“, – განაცხადა ლადო კახაძემ.

ჯანდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ლადო კახაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით პირდაპირ ეთერში აიცრა.

ლადო კახაძემ აცრა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა.

კახაძე პარლამენტის პირველი წევრია, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

დატოვე კომენტარი