პირველ იანვარს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა გაიხსნა და კლუბებს შემადგენლობების გაძლიერების საშუალება ერთი თვის განმავლობაში ექნებათ. სატრანსფერო დღის შეჯამებას ყოველდღე წაიკითხავთ 1tv.ge-ზე.
შემდგარი ტრანსფერები
ადრიენ სილვა – “ლესტერში“
გასულ ზაფხულს სილვას დარეგისტრირება ვერ მოასწრეს, მაგრამ, ახლა, ყველაფერი მოგვარებულია და “სპორტინგის” ყოფილმა ფეხბურთელმა ახალი წლის პირველ დღეს “ჰადერსფილდის” წინააღმდეგ უკვე ითამაშა. პორტუგალიელმა “ლესტერში” მე-14 ნომერი აიღო, შესაძლოა, იმიტომ რომ ზაფხულში მისი ტრანსფერის გაფორმება 14 წამით დაგვიანდა.
ენცო ზიდანი – “ლოზანაში”
მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის 22 წლის ვაჟი “ალავესიდან” შვეიცარიულ “ლოზანაში” გადავიდა. მან ესპანურ კლუბში მხოლოდ ოთხი მატჩი (უფრო ზუსტად – 155 წუთი) ჩაატარა.
რეტო ციგლერი – “დალასში”
ტურინის “იუვენტუსს” ყოფილი მცველი დატოვებს “ლუცერნს” და “დალასში” გადავა სათამაშოდ.
დღის TOP4 ამბავი
1. ტეო უოლკოტი – “საუთჰემპტონში”
ტრანსფერის ალბათობა: 80%
ტეო უოლკოტი “არსენალიდან” გაიქცევა. The Telegraph-ის მონაცემებით, ფორვარდით დაინტერესებულია მისი მშობლიური “საუთჰემპტონი” და “ევერტონი“.
2. ფილიპე კოუტინიო – “ბარსელონაში”
ტრანსფერის ალბათობა: 70%
“კოუტინიოსა და “ბარსელონას” შორის ჯერ არ ყოფილა შეთანხმება, კატალონელებს არ გაუკეთებიათ ახალი შეთავაზება, “ლივერპულს” კი არ დაუთქვამს ახალი ფასი მოთამაშეზე. “ბარსას” სურს კოუტინიოც და გრიზმანიც, მაგრამ იპოვნის ორივესთვის ფულს? მათ რვა მოთამაშის გაყიდვა მოუწევთ, რათა საბიუჯეტო ლიმიტში ჩაეტიონ“, – წერს გაზეთი Marca.
Onda Cero-მ გამოაცხადა, რომ ფილიპე კოუტინიოში “ბარსელონა” 140 მილიონს გადაიხდის და ამას კიდევ 40 მილიონი დაემატება ბონუსების სახით.
3. ლეონ გორეტცკა – “ბაიერნში”
ტრანსფერის ალბათობა: 50%
“ბაიერნი” ისევ ასუსტებს კონკურენტებს. “შალკეს” ლიდერი ლეონ გორეტცკა გადავა არა “არსენალში”, როგორც ცოტა ხნის წინ წერდნენ, არამედ, მიუნხენში. ამასთან, ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ნახევარმცველს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი – სად გააგრძელებს კარიერას.
“ბაიერნის” აქტიურობამ “არსენალი” გამოაცოცხლა. The Sun დარწმუნებულია, რომ ლონდონელები გაზრდიან გორეცკაზე წინადადებას – არსენ ვენგერი სერიოზულად არის დაინტერესებული გერმანელით.
4. ედენ აზარი – “რეალში”
ტრანსფერის ალბათობა: 30%
The Sun ამტკიცებს, რომ მადრიდის “რეალი” 135 მილიონ ევროს შესთავაზებს “ჩელსის”. თუმცა, Marca იქვე აზუსტებს, რომ მადრიდული კლუბი ნამდვილად არ შეიძენს აზარს.
“რეალის” ხელმძღვანელთა შეკრებაზე დირექტორთა საბჭოს ერთ-ერთ წევრს უთქვამს: “რად გვინდა ბელგიელი, როცა მარკო ასენსიო გვყავს?” და მას ყველა დაეთანხმა.