ზაალ უდუმაშვილი - ზვიად კუპრავას დევნიან იმ პოლიტიკური აქტივობისთვის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას ემსახურება
ზაალ უდუმაშვილი - ზვიად კუპრავას დევნიან იმ პოლიტიკური აქტივობისთვის, რომელიც ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას ემსახურება

ზვიად კუპრავას დევნიან იმ პოლიტიკური აქტივობისთვის, რომელიც ემსახურება საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას, – ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეიდან ზვიად კუპრავა არის პოლიტიკური დევნილი.

„დღეს მოსამართლე ელენე გოგუაძემ კიდევ ერთხელ განუცხადა მოსახლეობას, რომ ამ ქვეყანაში არ არის სასამართლო და ეს სასამართლო არის სუს-ის. სხვა სახელს ვერ დავარქმევ იმ გადაწყვეტილებას, რაც დღეს სასამართლომ მიიღო და შესაბამისად, ზვიად კუპრავა დღეიდან არის პოლიტიკური დევნილი და პოლიტიკური პატიმარი.

მართლა სასაცილო იქნებოდა ის ბრალდება, რის გამოც გადაწყდა, რომ ზვიად კუპრავა უნდა დააკავონ, სასაცილო იქნებოდა, საქმე რომ არ გვქონდეს ადამიანისთვის თავისუფლების აღკვეთასთან.

ზვიად კუპრავას დევნიან იმ პოლიტიკური აქტივობისთვის, რომელსაც ის ახორციელებს უკვე წლების განმავლობაში საქართველოში და იმ პოლიტიკური აქტივობებისთვის, რომელიც ემსახურება საქართველოში ივანიშვილის რეჟიმის შეცვლას.

შევახსენებ საქართველოს ხელისუფლებას და ვაფრთხილებ, რომ თითოეული ჩვენი თანამებრძოლი, რომელიც იქნება დაკავებული და რომელიც იქნება პოლიტიკური პატიმარი, მხოლოდ და მხოლოდ აჩქარებს „ქართული ოცნების“ დასასრულს“,- განაცხადა უდუმაშვილმა.

მისივე თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ზვიად კუპრავა ჭავჭავაძის 29 ნომერში იმყოფება და არსად მიმალვას არ აპირებს.

„უკვე ოთხი საათია გადაწყვეტილება მიღებულია და ჩვენ დღეს მოვისმინეთ, რომ თითქოს მიმდინარეობს ზვიად კუპრავას ადგილმდებარეობის დადგენა. სასაცილოა, რადგან ამ საათების განმავლობაში, ჩვენ ყველა და მათ შორის ზვიადიც, იმყოფება ჭავჭავაძის 29 ნომერში, გაერთიანებული ოპოზიციის ოფისში და არც აპირებს აქედან სადმე გასვლას ან მიმალვას.

საქართველოს მოსახლეობა ზუსტად იმავე ბრალდებით გაისტუმრებს „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლებიდან, რა ბრალდებაც ზვიად კუპრავას წაუყენეს. ეს ბრალდება არის „პანღური“ და „პანღურს“ საქართველოს მოსახლეობისგან ეს ხელისუფლება მიიღებს“,- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს უპატივცემლობისთვის ბრალდებულ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიება გირაო, პატიმრობით შეეცვალა.