გოგა ონიანმა და ზვიად კუპრავამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების საკრებულოს წევრებთან შეხვედრაზე ლევან ხაბეიშვილს პრეტენზიით მიმართეს
გოგა ონიანმა და ზვიად კუპრავამ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების საკრებულოს წევრებთან შეხვედრაზე ლევან ხაბეიშვილს პრეტენზიით მიმართეს

თბილისის საკრებულოს ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის მოადგილემ, გოგა ონიანმა და ფრაქციის წევრმა, ზვიად კუპრავამ პარტიის თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს უსაყვედურეს, რომ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების საკრებულოს წევრებთან შეხვედრაზე პარტიის ყველა წევრი არ არის წარმოდგენილი.

როგორც გოგა ონიანმა აღნიშნა, საჭიროა პატივმოყვარეობაზე გადაბიჯება, ყველა იმ ადამიანის ჩართვა ბრძოლაში, რომელთა გარეშეც გამარჯვება არ იქნება.

„როდესაც შიგნით ვიქნებით ერთიანები, მარტო გიორგი ვაშაძე კი არ გაერთიანდება ჩვენთან, არამედ ბევრი ადამიანი“, – განაცხადა გოგა ონიანმა.

ამასთან, ფრაქციის წევრის, ზვიად კუპრავას განცხადებით, დასანანია, რომ დღევანდელ შეხვედრას აკლიან ისეთი ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში იბრძოდნენ რეჟიმის წინააღმდეგ.

„მოიარეს ციხეები, ზოგს ხელისუფლებამ სხვადასხვა მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნა, თამლიანს ვერ ვხედავ, მაია კალანდიას, ბესო გაზდელიანს, ბევრია ასეთი ადამიანი. ამიტომ, შემდეგი ფორმატი, როდესაც შევიკრიბებით გადაწყვეტილებების მისაღებად, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ხალხი აქ იყოს და მათთან ერთად მივიღოთ გადაწყვეტილება. მხოლოდ მაშინ ექნება მსგავს გადაწყვეტილებებს იმ დონის ლეგიტიმაცია, რომ დაამარცხოს „ქართული ოცნება““, – განაცხადა ზვიად კუპრავამ.

შეხვედრაზე თანაპარტიელების პრეტენზიებს უპასუხა ლევან ხაბეიშვილმა, რომელმაც განაცხადა, რომ კომუნიკაციის პრობლემა მასთან არავის არასდროს ჰქონია და გოგა ონიანს მიმართა:

„გავაკეთოთ სია, რათა „გამარჯვების პლატფორმაზე“ არცერთი ადამიანის ღვაწლი არ დაიკარგოს. გოგა, შენ იყავი ადამიანი, ვინც უზრუნველყოფს შეხვედრას ამ ადამიანებთან, სადაც იტყვი, როგორც იტყვი, რა პირობებითაც იტყვი“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.