ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა
ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს უპატივცემლობისთვის ბრალდებულ ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

პროკურატურის ინფორმაციით,  2019 წლის 21 თებერვალს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდა სხდომა ზვიად კუპრავა ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალად ედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 366-ე მუხლის მე-2 ნაწილით (სასამართლოს უპატივცემულობა, რაც გამოიხატა მოსამართლის შეურაცხყოფით) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა.

მათივე ინფორმაციით, ბრალდების მხარემ მოითხოვა ზვიად კუპრავას მიმართ გირაოს სახით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიების შეცვლა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით – პატიმრობით, ვინაიდან ბრალდებულმა ახალი დანაშაულის ჩადენით დაარღვია გირაოს პირობები. პროკურორმა პროცესზე წარადგინა კუპრავას მიმართ სხვა სისხლის სამართლის საქმეზე, 2019 წლის 19 თებერვალს გამოტანილი დადგენილება პირის ბრალდების შესახებ, საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ზვიად კუპრავას აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეუცვალა.