ზაალ უდუმაშვილი - სააკაშვილი შეწყალების აქტისთვის გაასამართლეს, „ქართული ოცნება“ მარგველაშვილს ეუბნება, რომ თუ ჭკვიანად არ იქნება, იმავე ბედს გაიზიარებს
ვნახეთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შეწყალების აქტის გამო გაასამართლეს, დღეს კი „ქართული ოცნება“ გიორგი მარგველაშვილს პირდაპირ ეუბნება, რომ თუ ჭკვიანად არ იქნება, ისიც ანალოგიურ ბედს გაიზიარებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.
„ყოველთვის შეიძლება, შეწყალებულთა შორის ისეთი ადამიანი მოძებნო, რომელიც მძიმე დანაშაულისთვის არის გასამართლებული და შემდეგ, ეს სამართლებრივად დაიხვიო. „ქართულმა ოცნებამ“ დაუშვა პრეცედენტი, რომ შეწყალების აქტის გამო, შესაძლოა, პრეზიდენტს სამართლებრივი დევნა დაუწყო“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
როგორც უდუმაშვილმა აღნიშნა, ის ამ შემთხვევაში გიორგი მარგველაშვილის ადვოკატი ვერ იქნება, რადგან შეწყალების პროცესთან დაკავშირებით, მის მიმართ ძალიან ბევრი კითხვა აქვს.
„შეწყალების აქტი პრეზიდენტის დისკრეციაა და ის თავად წყვეტს, ვინ უნდა შეიწყალოს, მაგრამ ჩნდება კითხვა, რით ხელმძღვანელობს გიორგი მარგველაშვილი, როცა ამა თუ იმ ადამიანს იწყალებს. როცა მან თავის დროზე ირაკლი ქორიძე შეიწყალა, მსჯავრდებულმა საპატიმრო პოლიტპატიმრის სტატუსით დატოვა, რაშიც დიდი წვლილი პარლამენტის შესაბამის კომიტეტს მიუძღოდა, რომელმაც მას სტატუსი მიანიჭა. ეს იმ დროს, როცა ქვეყანაში რეალური პოლიტპატიმრები არიან და გიორგი მარგველაშვილი მათ შესახებ არც საუბრობს და არც შეწყალების აქტს გამოსცემს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.
მისი თქმით, შეწყალების კომისია სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ობიექტი არ უნდა იყოს.
„2012 წლიდან მოყოლებული, შეწყალების კომისიის წევრებს არა ერთხელ უთქვამთ, რომ მათ საქმიანობაში უხეშად ერეოდნენ და პარლამენტის კონკრეტული კომიტეტის თავმჯდომარეები ცდილობდნენ, მათთვის სასურველი შედეგისთვის მიეღწიათ. დღეს მთავარი პრობლემა ისაა, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირი ხერხით ცდილობს, შეწყალების კომისიის საქმიანობაში ჩაერიოს და მათ გადაწყვეტილებაზე გავლენა მოახდინოს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.