ზაალ უდუმაშვილი „რუსთავი 2“-ის საქმეზე გენერალურ პროკურატურაში გამოკითხეს
ეს საქმე არანაირ კავშირში არაა არც სამართალთან, არც ძიებასთან და არც არაფერთან, ეს არის მთლიანად პოლიტიკური დევნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა გენერალური პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც უდუმაშვილი გამოკითხვის შემდეგ აცხადებს, ძირითადად კითხვები „რუსთავი 2“-ის საქმიანობას ეხებოდა.
„კითხვებზე ვერ ვისაუბრებ, რადგან ხელი მაქვს მოწერილი გაუთქმელობაზე. კითხვები შეეხებოდა ძირითადად „რუსთავი 2“-ის საქმიანობას. ჩემს კომპეტენციის ფარგლებში, რაზეც მე ვიყავი პასუხისმგებელი „რუსთავი 2“-ში, შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად გავეცი პასუხი. მნიშვნელობა არა აქვს, რა კითხვები დაისვა, მე რა პასუხი გავეცი. ზოგადად, ეს საქმე არანაირ კავშირში არაა არც სამართალთან, არც ძიებასთან და არც არაფერთან. ეს არის მთლიანად პოლიტიკური დევნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომელსაც წარმატებით ახორციელებენ. გასაგებია ყველაფერი, დავალება მიღებულია, უნდა შეასრულონ. მაგრამ ჩვენც ვიცით, როგორ უნდა ვიბრძოლოთ, როგორ უნდა ვიომოთ. დარწმუნებული ვარ, ამ ბრძოლას ძალიან მალე მივიყვანთ ბოლომდე და ყველა ის ადამიანი, რომელიც არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან, ძალიან მალე დაასრულებენ ამ რეჟიმს ქვეყანაში. რა კითხვებიც იყო დასმული ყველაფერზე პასუხი გავეცი, რამდენჯერაც საჭირო გახდება იმდენჯერ მოვალ“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
უდუმაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის თქმით, არანაირი საფუძველი არ არსებობს ამ საქმეზე გამოძიების წარმართვის და მით უმეტეს პასუხისგებაში მიცემის ამა თუ იმ პირის.
„მიზანი არის ძალიან მარტივი, ეს მიზანი არის კრიტიკულად განწყობილი მედიასაშუალებების გაჩუმება და დადუმება. ვგულისხმობ „მთავარ არხს“ და ტელეკომპანია „ფორმულას“, რომლის საინფორმაციო სამსახურის უფროსიც დღეს გამოიკითხა. ზაალ უდუმაშვილთან დაკავშირებით კითხვები იყო აუღია თუ არ მას პრემია „რუსთავი 2“-ში მუშაობის პერიოდში. ასევე რა მდგომარეობა იყო კომპანიაში ფინანსური თვალსაზრისით. ამით შემოიფარგლებოდა გამოძიება. ვერ გეტყვით, ვის დაიბარებენ მომავალში ან რა ნაბიჯებს გადადგამენ, გავიგებთ ახლო მომავალში“,- განაცხადა საძაგლიშვილმა.
ამასთან, დღეს გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ტელეკომპანია „ფორმულას“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი ლაფერაშვილი.
პროკურატურამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით გადამალვის ფაქტზე გამოძიება 2019 წლის 20 ივლისს დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო, „სამაუწყებლო კომპანია რუსთავის 2-ის“ 9%-იანი წილის ყოფილი მფლობელის ნინო ნიჟარაძის ადვოკატის განცხადება ტელეკომპანიის ხელმძღვანელების მხრიდან შესაძლო დანაშაულის ჩადენის თაობაზე.