ზაალ უდუმაშვილი - რუსეთი ქართული მხარის მიმართ თითის ქნევისა და დაცინვის პოლიტიკას განაგრძობს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების ბრალი
ზაალ უდუმაშვილი - რუსეთი ქართული მხარის მიმართ თითის ქნევისა და დაცინვის პოლიტიკას განაგრძობს, ეს არის საქართველოს ხელისუფლების ბრალი

მადა ჭამაში მოდისო, ასე სჭირს ახლა რუსეთს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა.

„რუსეთი ქართული მხარის მიმართ თითის ქნევისა და დაცინვის პოლიტიკას განაგრძობს და ეს საერთოდ არ მახარებს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ჩვენს ქვეყანას და არა კონკრეტულად ხელისუფლებას. თუმცა, ეს ყველაფერი არის საქართველოს ხელისუფლების ბრალი, რომელმაც ჩუმად გადაწყვიტა ლავროვთან შეხვედრა და პოსტფაქტუმ გავიგეთ, რომ თურმე ასეთი შეხვედრა შემდგარა. მადა ჭამაში მოდისო, ასე სჭირს ახლა რუსეთს. ახლა არ მოსწონს უკვე, რომ საქართველოში თურმე ისმის სიტყვა ოკუპაცია. ერთი შეხვედრის შემდეგ, რომელზეც გადაუგდეს მადლიერების ჟესტი ზალკალიანს და შეხვდნენ, კეთილი დასდეს მას, ახლა უკვე აღარ მოსწონთ, რომ სიტყვა ოკუპაცია ისმის თბილისიდან. ეს არის ზუსტად ის, რასაც ჩვენ ვეძახით დათმობის პოლიტიკას რუსეთთან. ეს არის შედეგი ყველაფერი იმისა, რაც მივიღეთ რუსეთთან არასათანადო პოლიტიკით შვიდი წლის განმავლობაში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სერგეი ლავროვისა და დავით ზალკალიანის შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური კომენტარი გააკეთა.

„ყურადღება მივაქციეთ ნიუ იორკში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის თავის ქართველ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ თბილისში ატეხილ ხმაურს. სამწუხაროდ, კვლავ გვესმის გაცვეთილი თეზისები „ოკუპაციის“ შესახებ“, – აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ კომენტარში.