ზაალ უდუმაშვილი - პლებისციტის იდეა აზრს კარგავს, ჩვენი მოთხოვნა ახალი არჩევნებია
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის ერთიანობის მომხრე იყო, მათ შორის ოპოზიციაში.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს მზაობა მოლაპარაკებისთვის. ამასთან, როგორც უდუმაშვილი აცხადებს, ნიკა მელიას გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი, რათა მოლაპარაკებებს პროცესი დაიწყოს.
უდუმაშვილი აცხადებს, რომ გარკვეული წინაპირობები თუ არ შესრულდება, მოლაპარაკებას აზრი არ ექნება.
მიხეილ სააკაშვილი ყოველთვის აცხადებდა, რომ ის იყო ერთიანობის მომხრე, მათ შროის ოპოზციაში. რა თქმა უნდა, მოლაპარაკებებს რომ წინ არაფერი უდგას, ეს გასაგებია, მაგრამ თუ ხელისუფლება მოლაპარაკებებზე არ მოდის, ბუნებრივია, ჩვენ გვრჩება მხოლოდ ერთი გზა, ქუჩიდან გავაპროტესტოთ ის უსამართლობა, რომელიც ქვეყანაში არსებობს, ეს ფანჯარა ჯერ კიდევ არსებობს. ათი დღე არის დარჩენილი, როდესაც ხელისუფლებამ უნდა აჩვენოს თავისი მზაობა მოლაპარაკებებისთვის, თუ ეს მზაობა არ იქნება და კვლავ გვესაუბრებიან წითელი ხაზებით, დასმული წერტილებით მაშინ, ბუნებრივია, თუ ხელისუფლება არ ნიშნავს ვადამდელ არჩევნებს, მაშინ ხალხი თავად დანიშნავს ვადამდელ არჩევნებს“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
რაც შეეხება პლებისციტს, საკითხზე საუბრისას უდუმაშვილმა განაცხადა, რომ რაც დრო გადის, პლებისციტის იდეა აზრს კარგავს.
ნიკა მელიას გათავისუფლება არის უმნიშვნელოვანესი, რომ დაიწყოს მოლაპარაკებების პროცესი. მოლაპარაკების მაგიდასთან რომ დავსხდეთ, ამისთვის გარკვეული წინაპირობები უნდა შესრულდეს, თუ არ შესრულდა, მოლაპარაკებებსაც აზრი არ ექნება. მკვეთრი ნაბიჯები იქნება იმ შემთვევაში, თუ მოლაპარაკებები არ შედგა და ხელისუფლება დარჩა იმ პოზიციაზე, რომელზეც ახლა იმყოფება. რაც დრო გადის, პლებისციტის იდეა კიდევ უფრო კარგავს აზრს, პლებისციტი მაშინ იყო შეთანხმების საგანი, როდესაც ჩვენ ამას ვთავაზობდით ხელისუფლებას რამდენიმე თვის წინ. ახლა თუ დროულად არ იქნა მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებები, აღარც პლებისციტს ექნება აზრი და არანაირ შემოვლით გზებს. ჩვენი მოთხოვნა არის ახალი არჩევნები, ახალ არჩევნებამდე რა გზით მივალთ, ეს შეიძლება იყოს მოლაპარაკების საგანი, მაგრამ ახალი არჩევნები რომ არ გადაიხედება, ფაქტია“, – აღნიშნა ზაალ უდუმაშვილმა.
პლებისციტთან დაკავშირებით დღეს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება დათანხმება პლებისციტზე.
ამასთან, სააკაშვილის თქმით, მას იმედი აქვს, ციხიდან გამოსვლის შემდეგ ნიკა მელია ძალიან მკვეთრ გადაწყვეტილებებს მიიღებს.