ვატო შაქარიშვილი - შევაგროვებთ ხელმოწერებს, რომ ჩატარდეს პლებისციტი საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, კანონით დარეგულირდეს ცილისწამების საკითხი
ვატო შაქარიშვილი - შევაგროვებთ ხელმოწერებს, რომ ჩატარდეს პლებისციტი საჯარო სივრცეში, არასრულწლოვნებში ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე, კანონით დარეგულირდეს ცილისწამების საკითხი

გთვაზობთ, თქვენთან ერთად გავხდეთ ინიციატორები საყოველთაო პროცესისა, რომელიც საბოლოო ჯამში მოიტანს პლებისციტს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ არასრულწლოვნებში აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა, – ამის შესახებ ვატო შაქარიშვილმა რუსთაველის თეატრში, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელ შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, პლებისციტის ჩატარების მიზნით მთელ საქართველოში ხელმოწერები შეგროვდება. ვატო შაქარიშვილის განმარტებით, პლებისციტი ასევე შეეხება იმას, რომ კანონით დარეგულირდეს ცილისწამებისა და შეურაცხყოფის საკითხი.

„ალბათ არცკი წარმოგედგინათ, რომ მოგიწევდათ ისეთი ჭეშმარიტების მტკიცება, არის ორი სქესი, დედა დედაა, მამა მამაა და ა.შ. წარმოუდგენლად ჟღერდა ალბათ წლების წინ, მაგრამ დღეს ეს სამწუხარო მოცემულობაა, ეს რეალური საფრთხეა. ის ფაქტიც, „მაკდონალდის შემთხვევა“ ამის კიდევ ერთი გაგრძელება და დასტურია. ეს არ არის ცალკეული, ერთი შემთხვევა. მიდის ძალიან სერიოზული მუშაობა, ზეწოლა, რომ რამენაირად  შეაღწიონ ბავშვებში, დაურღვიონ მათ ფსიქიკა, იმოქმედონ ჩვენს შვილებზე და ამის პარალელურად მიმდინაროებს ყველა იმ საყრდენის მონგრევა და მოშლა, რაც რეალურად ბავშვს იცავს ამ დამღუპველი იდეოლოგიისგან. ეს არის რწმენა, ძლიერი ოჯახი, ქრისტიანული მორალი. ეს ყველაფერი ხდება კომპლექსურად, რათა ჩვენზე თუ ვერა, ჩვენს მომავალ თაობებზე და ჩვენს შვილებზე მაინც იქონიონ ნეგატიური გავლენა. ამიტომ გთავაზობთ, რომ თქვენთან ერთად გავხდეთ ინიციატორები საყოველთაო პროცესისა, რომლიც საბოლოო ჯამში მოიტანს პლებისციტს, რომ ამ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ არასრულწლოვნებში აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა.

ჩვენ მოვივლით მთელ საქართველოს, შევაგროვებთ ასეულობით ათას ხელმოწერას და საბოლოო ჯამში დავაყენებთ საკითხს, რომ ჩატარდეს ქვეყანაში პლებისციტი არასრულწლოვნებში, საჯარო სივრცეში, მედიაში ლგბტ პროპაგანდის კანონით აკრძალვის შესახებ. მეორე, კანონით და სამართლებრივად დარეგულირდეს ცილისწამების და შეურაცხყოფის საკითხი. ეს იქნება ორი კითხვა, რომელიც დაისმება ქართული საზოგადოების წინაშე პლებისციტის ფორმით და რომელსაც  ქართული საზოგადოება გასცემს შესაბამის პასუხს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ვაანალიზებთ, რომ ამ ყველაფრის ასე გაგრძელება ცუდ ფორმებამდე მიგვიყვანს“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.