ზაალ უდუმაშვილი - მთავარია, „ქართული ოცნება“ დაბრუნდეს შეთანხმების ჩარჩოებში და შემდეგ ვიმსჯელოთ დოკუმენტის ხელმოწერაზე
„ქართული ოცნების“ ამ უპრეცედენტო გადაწყვეტილებამ დოკუმენტის ანულირების შესახებ, ვფიქრობ, ოპოზიციას კიდევ ერთი დამატებითი ფანჯარა გაუხსნა, რათა ჩვენ ძალიან აქტიურად გავაგრძელოთ კონსულტაციები საერთო ოპოზიციური სტრატეგიის შესახებ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა პოლიტიკური ძალების გაერთიანება და საერთო სტრატეგიით სვლა ძალიან მნიშვნელოვანია.
„ის, რაც ჩვენ უნდა გვეკეთებინა ამ ორი თვის განმავლობაში, რათა დაგვერწმუნებინა მოსახლეობა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ იღებდა 43 პროცენტს, თავად გააკეთა ეს „ოცნებამ“ და პირდაპირ განაცხადა, რომ მე 43 %-ს ვერ ვიღებ, ამიტომ ანულირებას ვუკეთებ შარლ მიშელის დოკუმენტს. ვფიქრობ, ახლა ძალების გაერთიანება არის ძალიან მნიშვნელოვანი და საერთო სტრატეგიით გასვლა იმ ბრძოლაში, რომელსაც ჰქვია „ქართული ოცნების“ დამარცხება. ჩვენ ხომ ყველამ ვნახეთ, რეალურად რატომ დაარღვია „ქართულმა ოცნებამ“ ეს შეთანხმება. ჩვენი ხელმოწერა რომ ყოფილიყო, ხომ იმავეს გააკეთებდა, ოღონდ სხვა საბაბით. აქ ხომ ხელმომწერებზე არ იყო საუბარი, არამედ 43 პროცენტს ვერ იღებდა და ეძებდა მიზეზს, რომ გამოსულიყო ამ შეთანხმებიდან. შემდეგ სხვა რამეს იტყოდა – საპარლამენტო ცხოვრებაში აქტიურად არ ხართ ჩართული ან ყურებიანი ქუდი რატომ არ გვახურავს, მიზეზს ყოველთვის მოძებნიდა „ქართული ოცნება“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, ჯერჯერობით პარტიაში არ გამართულა კონსულტაცია, მოაწერენ თუ არა ხელს ახლა მმართველი გუნდის მიერ ანულირებულ შეთანხმებაზე.
„ჩვენ ვიმსჯელებთ ამ საკითხზე პარტიაში და მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას. უბრალოდ დღეს რომც გვინდოდეს ხელმოწერა დოკუმენტზე, რას უნდა მოვაწეროთ, აღარ არსებობს, ანულირებულია დოკუმენტი. მეორე, აქ მთავარი ის კი არ არის, „ნაციონალური მოძრაობა“ მოაწერს თუ არა ხელს დოკუმენტს, მთავარია, „ქართული ოცნება“ დაბრუნდება თუ არა ამ დოკუმენტის ჩარჩოში, რადგან „ქართულ ოცნებას“ არ დაუდია ეს შეთანხმება არც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და არც მხოლოდ იმ პარტიებთან, რომლებმაც ხელი მოაწერეს. უპირველეს ყოვლისა, ეს დოკუმენტი დაიდო ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და ისინი „გადააგდო“ „ქართულმა ოცნებამ“. შესაბამისად, ახლა მთავარია, რომ „ქართული ოცნება“ დაბრუნდეს შეთანხმების ჩარჩოებში და შემდგომ ვიმსჯელოთ უკვე ამ დოკუმენტის ხელმოწერაზე“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.