ზაალ უდუმაშვილი - მთავარი გზავნილი, რაც ისმის ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან, არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და კრიზისის სწრაფი დაძლევა
მთავარი გზავნილი, რაც ისმის ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან, არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და კრიზისის სწრაფი დაძლევა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე საერთაშორისო გამოხმაურებების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, ხელისუფლება დროზე თუ არ მოეგება გონს, პარტნიორების ტონი ყოველდღიურად გამკაცრდება.
„ჩვენი მეგობარი ქვეყნებიდან რასაც ყოველდღიურად ვისმენთ, ეს არის ის ბუნებრივი რეაქცია, რომელიც ჩვენს პარტნიორებს აქვთ. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება დროზე თუ არ მოეგება გონს, ეს ტონი ყოველდღიურად გამკაცრდება. მთავარი გზავნილი, რაც ისმის, ეს არის პოლიტიკური დევნის შეწყვეტა და პოლიტიკური კრიზისის სწრაფი დაძლევა. ამ მოწოდების მთავარი ადრესატი არის ხელისუფლება, რომელმაც კრიზისში შეიყვანა ქვეყანა და მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრება. „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი დროზე თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენი მეგობარი ქვეყნების მოწოდებებს, მთლიან იზოლაციაში აღმოჩნდებიან და არ გამოვრიცხავ, უახლოეს მომავალში კონკრეტულ სანქციებზე დაიწყონ საუბარი.
მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელია არის პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ჩვენ გავაკეთეთ ღია და მკაფიო განცხადება, რომ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამოსავალი არის მოლაპარაკებების გაგრძელება. მზად ვართ, დავსხდეთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, ოღონდ წინასწარ უნდა იყოს განსაზღვრული, რა თემებზე ვმეჯლობთ და ერთ-ერთი პირველი არის ახალი არჩევნების დანიშვნა“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, დემოკრატი გრეგორი მიკსი და წამყვანი რესპუბლიკელი კონგრესმენი მაიკლ მაკქოლი საქართველოში პოლიტიკურ მხარეებს დიალოგისა და მელიას საქმის ირგვლივ განვითარებული მოვლენების მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ მოუწოდებენ.