ზაალ უდუმაშვილი - მოლაპარაკებები ყოველთვის ითვალისწინებს კომპრომისებს ორივე მხრიდან და ამისთვის მზად არის ოპოზიცია
ჩვენ უნდა დავინახოთ ხელისუფლებისგან, რომ მზად არის, განვაახლოთ მოლაპარაკებები და მივიდეთ შეთანხმებამდე, ოპოზიცია ყოველთვის მზად იყო კომპრომისული ნაბიჯებისთვის, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, მოლაპარაკებები ყოველთვის ითვალისწინებს კომპრომისებს.
„ერთი არის, როდესაც ჩვენ ვუსმენთ ოფიციალურ განცხადებებს და მეორეა, როდესაც პირისპირ მიმდინარეობს შეხვედრები და იქ ყოველთვის გაცილებით ღია და მკაცრი მოთხოვნები ისმევა. ბუნებრივია, ვაშინგტონში მოუწიათ ძალიან მკაცრი შეფასებების მოსმენა, ამიტომაც შეიცვალა ტონი „ქართული ოცნებისა“ და ირაკლი კობახიძის. ახლა მთავარია, რაც მოისმინეს, როდესაც ჩამოვლენ თბილისში, ყველაფერი უნდა გადავიტანოთ მოლაპარაკებების მაგიდასთან, თორემ ჩვენ ხშირად მოგვისმენია შერბილებული განცხადებები და მეორე დღეს შეცვლილი პოზიციები. ახლა მთავარია, ეს ყველაფერი მოლაპარაკებების მაგიდასთან გადავიდეს. მოლაპარაკებები ყოველთვის ითვალისწინებს კომპრომისებს ორივე მხრიდან და ამისთვის მზად არის ოპოზიცია. ეს უნდა იყოს რა თქმა უნდა, გონივრული კომპრომისები და ჩვენ უნდა დავინახოთ ხელისუფლების მხრიდან უპირველესად მზაობა, რომ ის მზად არის, განვაახლოთ მოლაპარაკებები და მივიდეთ შეთანხმებამდე. ოპოზიცია ყოველთვის მზად იყო კომპრომისული ნაბიჯებისთვის, არც ახლა იქნება განსხვავებული პოზიცია, უბრალოდ ეს ყველაფერი როგორც ჩვენ ვისმენთ ჩვენი პარტნიორებისგან, პირველი ნაბიჯი ამისთვის უნდა გადადგას ხელისუფლებამ და რეალურად უნდა დავინახოთ, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია პოლიტიკური კრიზისის დაძლევაში“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები რეგიონებში მოსახლეობას უკვე ხვდებიან.
„ჩვენ უკვე გავედით რეგიონებში, დავიწყეთ რეგიონებში სიარული. მოვიცავთ ყველა რეგიონს აბსოლუტურად, მათ შორის დედაქალაქსაც, რადგან ჩვენი ამოცანაა, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს შევხვდეთ. ყველას, ვისაც აქვს პროტესტის მუხტი და ასეთი არის საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. სწორედ ეს მუხტი უნდა შეგროვდეს თბილისში 15 მაისს, რათა დავანახოთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ ვაპირებთ შეგუებას იმ უკანონობასთან და უსამართლობასთან, რომელიც ქვეყანაშია გამეფებული“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.