ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლება თუ არ დააკმაყოფილებს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას, დღის წესრიგში დადგება კიდევ უფრო მკაცრი მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა
ზაალ უდუმაშვილი - ხელისუფლება თუ არ დააკმაყოფილებს გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნას, დღის წესრიგში დადგება კიდევ უფრო მკაცრი მოთხოვნები, მათ შორის მთავრობის გადადგომა

ხელისუფლება თუ არ დააკმაყოფილებს გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის მოთხოვნას, დღის წესრიგში დადგება კიდევ უფრო მკაცრი მოთხოვნები, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის”, ზაალ უდუმაშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„თუ ხელისუფლება არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რაც არის დარჩენილი – გახარიას გადადგომა, შემდეგ დღის წესრიგში ბუნებრივად დადგება კიდევ უფრო სხვა მოთხოვნები და გაცილებით უფრო მკაცრი; მათ შორის მთავრობის გადადგომა და ივანიშვილის ჩამოცილება მთლიანად ხელისუფლებიდან.

როდესაც ხელისუფლება არ უსმენს ხალხს, მაშინ ძალაუფლებას უკვე ხალხი იღებს ხელში”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილი.

მისი თქმით, აქციაზე ხელისუფლებასთან ვაჭრობისთვის არ მისულან და უნდა დაკმაყოფილდეს აქციის მონაწილეთა მესამე მოთხოვნაც.

„აქ სავაჭროდ არ მოვსულვართ, რომ სამიდან ორი დაგვიკმაყოფილდა და ერთს გავატარებთ. აქ ვაჭრობას კი არ ვაპირებთ ხელისუფლებასთან, არამედ სამი მოთხოვნა იყო და სამივე უნდა შესრულდეს. ახლა ჰქონდათ იმედი, რომ ეს ტალღა შესუსტდებოდა და გადააგორებდნენ ამ ამბავს, მაგრამ ვერ გაითვალისწინეს, რომ ხელისუფლება არ ებრძვის ამ შემთხვევაში ოპოზიციას. პირიქით, აქ დგას ხალხი. ხალხის ძალა არის ყველაზე ძლიერი და ივანიშვილი რაც დროზე გაითვალისწინებს ამას, მით უკეთესია მისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ხალხი წალეკავს ამ ხელისუფლებას, რადგან ამაზე ძლიერი ძალა მსოფლიოში არ არსებობს. დროულად მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მშვიდობიანად დასრულდეს ყველაფერი. ხომ ხედავთ, მშვიდობიანი აქციები მიმდინარეობს, მაგრამ არ წყდება. ხვალ დარწმუნებული ვარ, ორი ამდენი გამოვა, რადგან მოთმინების ფიალა უკვე გადავსებულია და აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ გახარია გადადგება”, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

აქციაზე დღეს იმყოფებოდა საქართველოს ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი, რომელმაც განაცხადა, რომ უნდა გადადგეს მთავრობა და დაინიშნოს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამასთან, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის შესახებ ისაუბრა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა.