აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ
აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ

აქციის მონაწილეები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას ტოვებენ. რუსთაველის გამზირზე გზის სავალი ნაწილი ამ დროისათვის გახსნილია და საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია.

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან შეკრება გუშინ, 19:00 საათიდან დაიწყეს.

აქციაზე სიტუაცია ღამის განმავლობაში პერიოდულად იძაბებოდა. სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენეს. მანამდე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ „აქცია სრულად გასცდა მანიფესტაციის ფარგლებს, გახდა ძალადობრივი და საზოგადოებრივი წესრიგის აღდგენის მიზნით, შსს იწყებდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს“. რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოგვიანებით, ასევე, განცხადება გაავრცელა ჯანდაცვის სამინისტრომაც, რომლის თანახმად, ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო დახმარების საკმარისი რაოდენობა და სამედიცინო პერსონალი უზრუნველყოფდა მოქალაქეებისთვის ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებას. ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციითვე, განხორციელდა სამი სამართალდამცველის ჰოსპიტალიზაცია.

აქციაზე იმყოფებოდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის ნიკა მელია, ნიკა გვარამია, გიორგი ვაშაძე, ალეკო ელისაშვილი, მამუკა ხაზარაძე და ლევან ხაბეიშვილი. მოგვიანებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ ლევან ხაბეიშვილი სასტიკად არის ნაცემი და ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.