ზაალ კაპანაძე - მთავრობის მიერ დამტკიცებული ვაქცინაციის გეგმა სრულად შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს
მთავრობას დამტკიცებული აქვს ვაქცინაციის შესაბამისი გეგმა და ის სრულებით შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს, – ამის შესახებ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა, ზაალ კაპანაძემ „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დანერგვის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.
კაპანაძის თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ვაქცინის ტრანსპორტირებისა და განთავსების საკითხს, ასევე იმუნიზაციის დაწესებულებებს, ასევე სამიზნე ჯგუფებს, რომელთა ვაქცინაციაც პირველ ეტაპზე მოხდება.
„დღეს საუბარი იყო ვაქცინაზე, რომელსაც საქართველო მიიღებს უკვე თებერვლის შუა რიცხვებიდან თებერვლის ბოლომდე. ეს არის Pfaizer-ის ვაქცინა, 30 000 დოზა. როგორც მოგეხსენებათ, Pfaizer-ის ვაქცინის შენახვისა და ტრანსპორტირების პირობა მოიცავს ულტრა ცივი ჯაჭვის პროცესს. დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ის ლოგისტიკური ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია ვაქცინის ტრანსპორტირებასა და განთავსებასთან. ასევე საუბარი შეეხო იმუნიზაციის იმ დაწესებულებებს, სადაც ვაქცინაცია უნდა მოხდეს. ვისაუბრეთ იმ სამიზნე ჯგუფებზე, რომელთა ვაქცინაციაც პირველ ეტაპზე მოხდება. როგორც მოგეხსენებათ, მთავრობას დამტკიცებული აქვს ვაქცინაციის შესაბამისი გეგმა და ის სრულებით შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს“, – განაცხადა ზაალ კაპანაძემ.