ყველა გალაქტიკა საათის მექანიზმის მსგავსად ტრიალებს - ახალი აღმოჩენა
ყველა გალაქტიკა საათის მექანიზმის მსგავსად ტრიალებს - ახალი აღმოჩენა

ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სამყაროში არსებული ყოველი გალაქტიკა, მიუხედავად მათი ზომისა, მილიარდ წელიწადში ერთ ბრუნს აკეთებს საკუთარი ღერძის გარშემო.

დედამიწის ბრუნვა საკუთარი ღერძის გარშემო განაპირობებს დღე-ღამის მონაცვლეობას, მზის გარშემო მოძრაობა კი გვაძლევს წელიწადს.

„ეს არ გახლავთ შვეიცარიული საათის სიზუსტე. არ აქვს მნიშვნელობა, გალაქტიკა ძალიან დიდია თუ პატარა, თუკი მისი დისკოს უკიდურეს კიდეზე მოთავსდებით, ცენტრის გარშემო ერთ სრულ შემობრუნებას დაახლოებით მილიარდი წელი დასჭირდება“, — ამბობს დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის პროფესორი გერჰარდ მეიერი.

მისი თქმით, მარტივი მათემატიკის გამოყენებით, შეგიძლიათ გამოთვალოთ, რომ ერთნაირი ზომის ყველა გალაქტიკას წიაღის ერთი და იგივე სიმკვრივე აქვს.


„გალაქტიკებში ასეთი რეგულარულობის აღმოჩენა ნამდვილად გვეხმარება უკეთ გავიგოთ ის მექანიკა, რომელიც დაკავშირებულია გალაქტიკათა სიმკვრივისა და ბრუნვის სიჩქარის ურთიერთქმედებასთან“, — აღნიშნავს მეიერი.

მეიერმა და მისმა ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ ბებერი ვარსკვლავები უფრო გალაქტიკათა კიდეებზეა განლაგებული.

„არსებულ მოდელებზე დაყრდნობით, ვვარაუდობდით, რომ ჩვენ მიერ შესწავლილ გალაქტიკათა კიდეებზე ვიპოვიდით ახალგაზრდა ვარსკვლავთა მცირე პოპულაციას, მაგრამ გაზისა და ახლად დაბადებული ვარსკვლავების ნაცვლად, წავაწყდით ბებერ ვარსკვლავთა მნიშვნელოვან პოპულაციას, რომელთაც თან ახლდათ ძალიან ცოტა ახალგაზრდა ვარსკვლავი და ვარსკვლავთშორისი გაზი“, — განმარტავს მეიერი.

მისი თქმით, ასეთი შედეგები მნიშვნელოვანია, რადგან იმის ცოდნა, თუ სად მთავრდება გალაქტიკა, ნიშნავს იმას, რომ ასტრონომები ტყუილ დაკვირვებებზე დროს აღარ დახარჯავენ.


„ამ კვლევის შედეგად უკვე ვიცით, რომ მახვილი კიდეების გადმოსახედიდან, გალაქტიკები მილიარდ წელიწადში ერთხელ ბრუნავენ, ამ კიდეებში კი ძირითადად თავს იყრის როგორც ვარსკვლავთშორისი გაზი, ისე ახალგაზრდა და ბებერ ვარსკვლავთა ნაზავი“, — ამბობს მეიერი.

პროფესორის განცხადებით, შემდეგი თაობის რადიოტელესკოპები, მაგალითად, ამჟამად მშენებარე Square Kilometre Array (SKA) მოგვამარაგებს უზარმაზარი ოდენობის მონაცემებით, რომელთა დამუშავების დროსაც ძალიან შეამცირებს გალაქტიკათა საზღვრების ზუსტი ცოდნა.

„რამდენიმე წელიწადში ტელესკოპი SKA ამუშავდება და დაგვჭირდება რაც შეიძლება ბევრი დახმარება, რადგან მოგვიწევს მის მიერ მილიარდობით გალაქტიკის შესახებ შეგროვებული მონაცემების დამუშავება“, — განმარტავს პროფესორი მეიერი.

კვლევა ჟურნალ Monthly Notices of the Royal Astronomical Society-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია icrar.org-ის მიხედვით