ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრიდან ერთი წელი გავიდა. ახლობლები ადგილზე ტრაგედიისას დაღუპულებს იხსენებენ. სასტუმროს წინ ყვავილები მიაქვთ და სანთლებს ანთებენ.
სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძარი შარშან, 24 ნოემბერს გაჩნდა, რის შედეგადაც, 11 ადამიანი, მათ შორის საქართველოს ათი მოქალაქე დაიღუპა.
სახანძრო უსაფრთხოების დაუცველობის ბრალდებით დაკავებულია ორი პირი – ერთი საქართველოს და ერთი თურქეთის მოქალაქე. სასამართლო პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს.
სასტუმრო „ლეოგრანდი“ უსაფრთხოების ნორმების დაუცველობის გამო ორჯერ დაიხურა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მენეჯმენტს 43 რეკომენდაცია მისცა. თავდაპირველად, სასტუმრომ რეკომენდაციების მხოლოდ ნაწილი შეასრულა, თუმცა მეორედ დახურვის შემდეგ, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოთხოვნებს მენეჯმენტი დაემორჩილა და ეტაპობრივად, მათი შესრულების პირობა დადო.
სასტუმრო ამჟამად „ველმონდის“ სახელით ფუნქციონირებს.