ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
ბათუმში სასტუმრო „ლეოგრანდის“ საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში სასტუმრო „ლეოგრანდის“ დაკავებული ორი მენეჯერის პროცესი დაიწყო. პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვს. ადვოკატები კი დაკავებულთა 20 ათას ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვენ.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი თანამშრომლობს გამოძიებასთან, არასდროს აურიდებია თავი შეკითხვებისთვის, არ არის საშიშროება, რომ მიიმალოს, ამიტომაც ვფიქრობ,ჩვენი შუამდგომლობა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე, უნდა დაკმაყოფილდეს, შევთავაზებთ 20 ათას ლარს”,- განაცხადა ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

დაკავებული მენეჯერების ინტერესებს ოთხი ადვოკატი იცავს, მათ შორის, სასტუმრო „ლეოგრანდის“ ადვოკატი კახაბერ წერეთელი. საქმეს მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე განიხილავს.

სამართალდამცველების ცნობით, „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე სასტუმროს ტექნიკური მენეჯერი, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ფ.ი. და ამავე სასტუმროს ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელი პირი – საქართველოს მოქალაქე გ.მ. დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ სასტუმრო „ლეოგრანდის“ ტექნიკურმა მენეჯერმა, ფ.ი.–მ და ტექნიკური საწყობის პასუხისმგებელმა პირმა, გ.მ.–მ არ შეასრულეს მათზე დაკისრებული მოვალეობა – სასტუმრო „ლეოგრანდში“ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დაცვა. კერძოდ, სასტუმრო „ლეოგრანდის“ შენობის მე-4 სართულზე განთავსებულ ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში, სადაც ასევე განთავსებული იყო ვენტილაციის სისტემები, წყლის მიწოდების დანადგარები, გამათბობლებიელექტროკარადები და სხვადასხვა ხელსაწყოები, გ.მ.–მ სახანძრო უსაფრთხოების ნორმების მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ დაასაწყობა წვადი, მათ შორის ადვილად აალებადი მასალები და ნივთიერებები, რამაც განაპირობა 2017 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით 20:00 საათზე, ტექნიკურ (საქვაბე) ოთახში გაჩენილი ხანძრის სწრაფად გაძლიერება და სასტუმროში ძლიერი დაკვამლიანების წარმოქმნა“, – აცხადებენ პროკურატურაში.

სასტუმროს მე-5 და მე-6 სართულებზე განთავსებულ აუზსა და სპა სალონში, ხანძრით გამოწვეული ძლიერი დაკვამლიანების გამო, ნახშირჟანგით (CO) გამოწვეული მწვავე ინტოქსიკაციით 11 პირი გარდაიცვალა, ხოლო 19-მა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიიღო.