„ლეოგრანდის“ ადვოკატი შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნაზე დასკვნას ბიზნესზე ზეწოლად მიიჩნევს
„ლეოგრანდის“ ადვოკატი შენობის ექსპლუატაციის შეჩერების მოთხოვნაზე დასკვნას ბიზნესზე ზეწოლად მიიჩნევს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დასკვნა, რომლითაც სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“, ყოფილი „ლეოგრანდის“ შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას ითხოვს, არის ბიზნესზე უხეში ზეწოლა, – ამის შესახებ პირველ არხს სასტუმროს ადვოკატმა კახაბერ წერეთელმა განუცხადა.

მისი თქმით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დასკვნა მოულოდნელი იყო.

„ჩვენ ყველა დეტალი გავიარეთ უსაფრთხოების სამსახურთან ერთად და სასტუმრო ასე გავუშვით ექსპლუატაციაში. ეს დასკვნა სრულიად მოულოდნელი იყო. ეს არის ბიზნესში უხეში ჩარევა. მზად ვართ, ყველაფერი საჯაროდ განვიხილოთ. მალე ჟურნალისტებსაც ყველაფერს დეტალურად ვაჩვენებთ“, – განაცხადა კახაბერ წერეთელმა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური სასტუმრო და სამორინე „ველმონდის“, ყოფილი „ლეოგრანდის“ შენობის ექსპლუატაციის შეჩერებას ითხოვს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სპეციალისტებმა, 2018 წელს სასტუმროსა და სამორინეში სახანძრო უსაფრთხოების მიზნით, სამჯერ განახორციელეს (დეტალური, საკონტროლო და მიზნობრივი) სახანძრო-ტექნიკური შემოწმება. უწყებაში აცხადებენ, რომ გაიცა 43 რეკომენდაცია, რომელთა უმეტესობა არ შესრულებულა.