ყოფილ პოლიციელს, რომელსაც არასრულწლოვნისადმი არაადამიანურ მოპყრობას ედავებიან, ბრალს დღეს წარუდგენენ
ყოფილ პოლიციელს, რომელსაც არასრულწლოვნის დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას ედავებიან, ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.
პოლიციის განყოფილების ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი კონსტანტინე ქოჩიშვილი, რომელიც გუშინ დააკავეს, რუსთავის პოლიციის დროებითი მოთავსების იზოლატორშია მოთავსებული. ცოტა ხნის წინ, დაკავებული მისმა ადვოკატმა მოინახულა.
როგორც ადვოკატმა გიორგი გოგინავამ იზოლატორის დატოვების შემდეგ განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალდებას არ ეთანხმება და მიმდინარე მოვლენებს პოლიციის დისკრედიტაციად აფასებს. ადვოკატის ინფორმაციით, დაკავებული ქოჩიშვილი ამბობს, რომ დაზარალებული 16 წლის მოზარდის ადვოკატი პარალელურად იცავს ოთხი პირის ინტერესებს, რომლებიც ბოლნისის პოლიციის თანამშრომლების ცემაში არიან ბრალდებულები და ახლა ადვოკატის მხრიდან პოლიციაზე ანგარიშსწორება ხდება.
რომელ საათზე წარუდგენენ ბრალს დაკავებულ კონსტანტინე ქოჩიშვილის, ადვოკატისთვის ამ ეტაპზე უცნობია.
16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც მოზარდი აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც, სასტიკად გაუსწორდნენ.
საქმეზე ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი 28 მაისს დააკავეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდამცველი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, დაკავებული დეტექტივ-გამომძიებელი ერთ-ერთი მათგანია. საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს.