16 წლის მოზარდის საქმეზე ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი დააკავეს
16 წლის მოზარდის საქმეზე ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი დააკავეს

ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურამ ბოლნისის პოლიციის განყოფილების ყოფილი დეტექტივ-გამომძიებელი დააკავა. აღნიშნულ პირს გამოძიება 16 წლის მოზარდისადმი არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს.

როგორც ქვემო ქართლის საოლქო პროკურორის მოადგილემ, ლევან ლაზარეშვილმა განაცხადა, ბოლნისის პოლიციის განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი კ. ქ. ამოცნობის შემდეგ დააკავეს.  მას ბრალად ედება პირის მიმართ არაადამიანური მოპყრობა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ყოფილმა დეტექტივ გამომძიებელმა კ.ქ-მ ბოლნისის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობა მიაყენა არასრულწლოვან თ.ა.-ს. კერძოდ, მას დაუწყო ფურთხება სახეში, ხელების რტყმა. ასევე ფეხი ჩაარტყა მუცელში, რის შედეგად არასრულწლოვანი გადაყირავდა სკამიდან, წაიქცა და მოიტეხა ხელი.

​სამედიცინო ექსპერტიზის თანახმად, თ.ა.-ს აღენიშნებოდა ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება, რის გამოც პროკურატურამ მოახდინა შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. დავაკავეთ კ.ქ. სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ა ბ და ზ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანადაულის ჩადენის გამო. აღნიშნული მუხლი სასჯელის ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 10 წლამდე. მუხლი გულისხმობს კონკრეტული პირის მიმართ დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას.

​გამოძიება გრძელდება. მტკიცებულების მოპოვების შემთხვევაში, ყველა იმ პირის მიმართ, რომელიც მონაწილეობდა აღნიშნულ დანაშაულში, მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება მიუხედავად მათი თანამდებობრივი სტატუსისა“, – განაცხადა ქვემო ქართლის პროკურორის მოადგილემ ლევან ლაზარეშვილმა.

16 წლის მოზარდი ბოლნისში სამართალდამცველებმა ორი თვის წინ ქურდობისთვის დააკავეს. როგორც მოზარდი აცხადებს, პოლიციელები მისგან თანამზრახველების დასახელებას ითხოვდნენ, რა დროსაც, სასტიკად გაუსწორდნენ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით ორი სამართალდამცველი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. როგორც პროკურატურაში განმარტავენ, დაკავებული დეტექტივ-გამომძიებელი ერთ-ერთი მათგანია. საქმეს ქვემო ქართლის პროკურატურა იძიებს.

დატოვე კომენტარი