პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო - მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ზუგდიდში 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულისთვის დამნაშავე კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისაჯოს
პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო - მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, ზუგდიდში 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულისთვის დამნაშავე კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისაჯოს

პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო მოუწოდებს სამართალდამცავ სტრუქტურებს, ზუგდიდში 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაულისთვის დამნაშავე კანონის შესაბამისად უმკაცრესად დაისაჯოს.

ამის შესახებ ნათქვამია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრინციპულად მნიშვნელოვანია, ეს შემზარავი შემთხვევა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად წარიმართოს.

„საზარელია ზუგდიდში 13 წლის მოზარდის მიმართ ჩადენილი სექსუალური დანაშაული, რომელზეც 50 წლამდე კაცი დააკავეს. კიდევ უფრო დამამძიმებელია ის ფაქტი, რომ ბავშვი ფეხმძიმედაა, ხოლო მშობელმა ეს ამბავი არა თუ სამართალდამცავებს შეატყობინა, არამედ აბორტის გასაკეთებლად ქუთაისში წაიყვანა.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ეს შემზარავი შემთხვევა მაქსიმალურად დროულად და ეფექტურად წარიმართოს. მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, დამნაშავე დაისაჯოს კანონის შესაბამისად, უმკაცრესად.

ეს ყოვლად ამორალური და სასტიკი დანაშაული კიდევ ერთხელ გვანახებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არ ცნობს ასაკობრივ, კლასობრივ თუ ნათესაურ საზღვრებს, სწორედ ამიტომ საზოგადოების თითოეული წევრის მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობაა, ვამხილოთ მოძალადე და დავიცვათ ქალები და გოგოები იმ სასტიკი დანაშაულებისგან, რისი მხილველიც დღეს ზუგდიდში გავხდით.

კიდევ ერთხელ ხმამაღლა განვაცხადებთ, რომ შეუწყალებლად ვიბრძოლებთ არასრულწლოვანი გოგოების მიმართ ჩადენილი ძალადობის წინააღმდეგ.

მოვუწოდებთ მშობლებს, პედაგოგებს, ექიმებს და, უბრალოდ, ირგვლივ მყოფებს, ვისაც მცირედი ინფორმაცია აქვს ბავშვების მიმართ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ, არ დამალონ და სამართალდამცავ სტრუქტურებს შეატყობინონ აღნიშულის თაობაზე, რათა თავიდან ავიცილოთ დამდგარი საზარელი და შემაშფოთებელი შედეგები“, – ნათქვამია პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს განცხადებაში.