„ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელი აცხადებს, რომ ნამწვის დაგროვება არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია
„ყაზტრანსგაზის“ წარმომადგენელი დავით ბითარიშვილი აცხადებს, რომ თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებას მსხვერპლი მოჰყვა, ნამწვის დაგროვება არასწორად დამონტაჟებულმა წყლის გამაცხელებელმა გამოიწვია.
მისივე თქმით, წყლის გამაცხელებელი ქსელზე თვითნებურად იყო მიერთებული.
„ბინა, სადაც დაფიქსირდა უბედური შემთხვევა, „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტების მიერ გეგმურად იყო შემოწმებული, ჩაიხსნა დარღვევით დამონტაჟებული წლის გამაცხელებელი, რომელიც სავარაუდოდ, ამ უბედური შემთხვევის მიზეზი გახდა. შემთხვევას გაზის გაჟონვასთან არანაირი საქმე არ აქვს. ჩვენი ინფორმაციით, ეს სავარაუდოდ, გამოწვეულია CO-ს დაგროვებით. ბინაში არასწორად არის დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი, თვითნებურად არის მიერთებული ქსელზე. კომპანიის არქივში გაგვაჩნია შედგენილი აქტი, რომელზეც მომხმარებელი აწერს ხელს და ფიქსირდება ჩახსნა, გაზის ქსელიდან გამორთვა. გეგმურად ყველა აბონენტთან შევდივართ წინასწარ განსაზღვრული გრაფიკით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ეს მოხდა 2018 წლის მარტში“, – განაცხადა დავით ბითარიშვილმა.
შემთხვევა თბილისში, ქეთევან წამებულის #67-ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, მეშვიდე სართულზე მოხდა. გაზის ნამწვის გაჟონვის შედეგად, გარდაცვლილია შვიდი ადამიანი. როგორც ადგილზე მყოფები ყვებიან, გარდაცვლილებს ბინა ნაქირავები ჰქონდათ. მეზობლების ინფორმაციით, ისინი მშენებლობაზე იყვნენ დასაქმებული.