სოფელ აკურას საჯარო სკოლაში სამი მოსწავლე მოიწამლა
სოფელ აკურას საჯარო სკოლაში სამი მოსწავლე მოიწამლა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურას საჯარო სკოლის მეშვიდე კლასის სამი მოსწავლე სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინტოქსიკაციის ნიშნებით თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ბავშვები ყვებიან, რომ საკლასო ოთახში მძაფრი გაზის სუნი შევიდა, რის შემდეგაც მათ თავბრუსხვევა და პირღებინება დაეწყოთ.

ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი აცხადებს, რომ სკოლაში მის შვილს არანაირი საკვები არ მიუღია და ინტოქსიკაციას ბუნებრივ აირს უკავშირებს. ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფს თელავის რესურსცენტრის ხელმღვანელი ლევან მრელაშვილი. მისი თქმით, სკოლას ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, შესაბამისად, გაზით მოწამვლას გამორიცხავს.

,,სკოლაში ბუნებრივი აირი შეყვანილი არ არის და გამორიცხულია, ბავშვები გაზით მოწამლულიყვნენ. სკოლა გზის პირას მდებარეობს. მითხრეს, რომ გზაზე თხევადი გაზის გადამტანმა მანქანამ ჩაიარა, რის გამოც მთელ ქუჩაზე მძაფრი სუნი იდგა. შესაძლებელია, ეს ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი აღმოჩნდნენ ამ სუნის მიმართ და ცუდად იგრძნეს თავი”, – აცხადებს ლევან მრელაშვილი.

თელავის რეფერალური საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების ექიმის, მაია ხარაზიშვილის შეფასებით, ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

,,აღენიშნებოდათ მსუბუქი ინტოქსიკაციის ნიშნები, პირღებინების შეგრძნება და თავბრუსხვევა. შემოყვანისას კონტაქტურები იყვნენ. ჩაუტარდათ ყველა საჭირო პროცედურა. მშობლები კატეგორიულად ითხოვენ ბავშვების სახლში გაწერას”, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პედიატრმა.

სოფელ აკურაში ადგილი, სადაც ბუნებრივი აირის ცენტრალური მაგისტრალი გადის, სპეციალისტებმა უკვე დაათვალიერეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

დატოვე კომენტარი