ნათია თურნავა - როგორც შევპირდით მოსახლეობას, გაზის მოხმარების რეგულაციების ნაწილი გამკაცრებულია, ნაწილი კი საკანონმდებლო ცვლილებებს მოითხოვს
გაზის მომხმარების რეგულაციების ნაწილი გამკაცრებულია, გაზის ლიცენზიანტი კომპანიები მკაცრად ამოწმებენ ბინებს და ხსნიან თვითნაკეთ და კუსტარულად დამონტაჟებულ მოწყობილობებს, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
ნათია თურნავა თბილისში, ნაძალადევის რაიონში მომხდარ უბედურ შემთხვევას გამოეხმაურა.
„პირველ რიგში, მინდა, დიდი მწუხარება გამოვხატო გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალბატონის გამო და მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ასევე იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ექიმების დახმარებით, ამ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად დაშავებული ახალგაზრდა მამაკაცი მალე დაუბრუნდება თავის ოჯახს“, – აღნიშნა ნათია თურნავამ.
მისივე თქმით, გაზის მოხმარების რეგულაციების ნაწილი მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილებებს.
„ეს პაკეტი უკვე შემუშავებულია და გადაგზავნილია მთავრობაში. ამ ეტაპზე მიდის განხილვა, რადგან საკმაოდ კომპლექსური საკითხია. აქვს თავისი სოციალური დატვირთვა და ჩვენ ყველა შედეგი წინასწარ უნდა გავთვალოთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას მეტი სიფრთხილისკენ და როგორც საკუთარი, ისე მეზობლების სიცოცხლის გაფრთხილებისკენ.
„კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ ძალიან ფრთხილად მოეკიდონ საკუთარ სიცოცხლეს, ჯანმრთელობასა და მეზობლების სიცოცხლეს. მინდა, გთხოვოთ, რომ ძალიან ფრთხილად მოვეკიდოთ გაზის მოხმარების წესებს, დავიცვათ ეს წესები და არ მივაერთოთ უკვე ერთხელ ჩახსნილი დანადგარი თვითნებუროდ, რათა მომავალში თავიდან ავირიდოთ ფატალური შედეგები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.