არსებული ინფორმაციით, ზესტაფონში ახალგაზრდა ქალისა და მისი ორი შვილის დაღუპვის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი გახდა
არსებული ინფორმაციით, ზესტაფონში ახალგაზრდა ქალისა და მისი ორი შვილის დაღუპვის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი გახდა

ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არასწორად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებელი გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „სოკარ ჯორჯიაში“ განუცხადეს.

კომპანიის ინფორმაციით, პირველადი დათვალიერებით გამოიკვეთა, რომ ბიბილაშვილის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდა ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები აღმოაჩინეს, წყლის გამაცხელებელი წესების დარღვევით იყო დამონტაჟებული. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ კორპუსი არაგეგმურად აპრილში შემოწმდა და ცხრა არასწორად დამონტაჟების შემთხვევა გამოვლინდა. ის ბინა, სადაც ტრაგედია მოხდა, დაკეტილი იყო და ვერ გადამოწმდა.

შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია და ბინა დალუქულია.

მომხდარის შემდეგ იმერეთის გუბერნატორმა საგანგებო სხდომა ჩანიშნა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერები და „სოკარ ჯორჯიას“ წარმომადგენლები დაესწრებიან. შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების კუთხით ზომების გამკაცრება იქნება.

ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, სადაც ახალგაზრდა ქალისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილის ცხედრები 16 სექტემბერს აღმოაჩინეს. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.