„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს
„ყაზტრანსგაზის“ დაკავებული თანამშრომლები წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება. მათ მედიასთან კომენტარი არ გააკეთეს.
დიდ დიღომში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად გამოწვეული აფეთქების ფაქტზე დღეს „ყაზტრანსგაზის“ ორი თანამშრომელი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან „ყაზტრანსგაზის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები – 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.
აფეთქება თბილისში, დიდ დიღომში 16 იანვარს მოხდა. შემთხვევის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა რვა ადამიანი. ექვსი მცირეწლოვნიდან საავადმყოფოში ამ დროისთვის მხოლოდ ერთი რჩება. კლინიკა ასევე დატოვა ორმა ზრდასრულმა პირმაც, რომლებიც შემთხვევის შედეგად დაშავდნენ. აფეთქების შედეგად დაზარალებულები თბილისის მერიამ სასტუმროებში დააბინავა. პირველადი ვერსიით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.