თბილისში 5000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა 
თბილისში 5000-მდე აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა 

„ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციით, გაზსადენის დაზიანების გამო, ბუნებრივი გაზის მიწოდება დედაქალაქის 5000-მდე აბონენტს, რამდენიმე კომერციულ და საჯარო დაწესებულებას შეუწყდა.

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩისა და ლისის ტბის ასახვევის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „ტრანსპორტერის“ მიერ მიწის გათხრითი სამუშაოების წარმოებისას დაზიანდა 500 მმ-იანი გაზსადენი.

„ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტები მთელი ღამის განმავლობაში აწარმოებდნენ. ამ დროისთვის 500 მმ-იანი გაზსადენი აღდგენილია. გაზმომარაგების აღდგენა უსაფრთხოების ზომების მაქსიმალური დაცვით ეტაპობრივად, დაიწყება და სრულად დასრულდება საღამოს 20:00 საათისთვის. კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის აბონენტებს მისგან დამოუკიდებლად შექმნილი დისკომფორტის გამო და მოუწოდებს უყურადღებოდ არ დატოვონ დანადგარები. გაზის ონკანები კი იქონიონ ჩაკეტილ მდგომარეობაში. „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამშენებლო და სარემონტო სამუშაოებით დაკავებულ კომპანიებს, რომ არ აწარმოონ სამშენებლო სამუშაოები გაზსადენის სიახლოვეს „ყაზტრანსგაზ- თბილისთან“ შეუთანხმებლად“, – აღნიშნულია „ყაზტრანსგაზის“ ინფორმაციაში.