დიღმის მასივში აფეთქებასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს
დიღმის მასივში აფეთქებასთან დაკავშირებით „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთ განცხადებას ავრცელებს

არასწორად გავრცელებული ინფორმაციის გამო, თითქოს კომპანიის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ საცხოვრებელი ბინის აალებამდე შემთხვევის ადგილზე, რამაც შესაძლებელია, გამოიწვიოს მოსახლეობაში პანიკის დათესვა, კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ აქვეყნებს შემოსული ზარების ქრონოლოგიას, – ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაშია ნათქვამი.

„კომპანიის ცხელ ხაზზე ზარი კორპუსში გაზის სუნის შესახებ შემოსულია 11:50:32 საათზე. სწრაფი რეაგირების ჯგუფი შემთხვევის ადგილზე გასულია 11:55:27 საათზე, ხოლო ადგილზე ჯგუფი მივიდა 12:11:07 საათზე, აალება მოხდა 12:10 საათზე. შესაბამისად გავრცელებული დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია „ყაზტრანსგაზი თბილისის“ წარმომადგენლები შემთხვევის ადგილზე მივიდნენ 30 წუთის დაგვიანებით, სიცრუეა. ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს, თითქოს სწრაფი რეაგირების ჯგუფი აალებამდე იყო მისული და დათვალიერების შედეგად გაზის სუნი ვერ აღმოაჩინა. ვთხოვთ მედიასაშუალებებს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან, რაც ხელს უწყობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

დიღმის მასივში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება დღეს მოხდა. დაშავდა რამდენიმე ადამიანი.