„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა, ოფშორებში რეგისტრირებულმა კომპანია Waltbay LTD-მ იყიდოს
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა, ოფშორებში, მარშალის კუნძულებზე რეგისტრირებულმა კომპანია Waltbay LTD-მ იყიდოს.
მთავრობის 27 აგვისტოს განკარგულების მიხედვით, ეს კომპანია დაინტერესებულია თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის გამოსყიდვით. თუმცა, ამისთვის „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ არსებული დავალიანებებისგან უნდა გათავისუფლდეს. კერძოდ, საუბარია დავალიანებაზე ფინანსთა სამინისტროს წინაშე (96 684 000 ლარი), ასევე სს „ყაზტრანსგაზის“ და Intergas Finance BV-ს წინაშე (133 739 035 აშშ დოლარი).
რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ შესაძლოა „საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა“ შეიძინოს.
თუმცა, პირველ არხს დღეს კომპანიაში განუცხადეს, რომ Waltbay LTD ჯგუფის საკუთრებაში არ შედის. კომპანია Waltbay LTD-ზე ინფორმაცია არ იძებნება ინტერნეტში.
უახლოეს პერიოდში შესაძლოა, საქართველოს მთავრობასა და „ყაზტრანსგაზს“ შორის მიმდინარე საარბიტრაჟო დავაც დასრულდეს. მთავრობის განკარგულებით, იუსტიციის სამინისტროს დაევალა „ყაზტრანსგაზთან“ დავის მორიგების მიზნით მოლაპარაკებები დაასრულოს.
საარბიტრაჟო დავის ფარგლებში, „ყაზტრანსგაზი“ საქართველოსგან მიყენებული ზიანის ანაზღაურებას 187 902 597 აშშ დოლარის ოდენობით და საარბიტრაჟო ხარჯების ანაზღაურებას ითხოვს.