„ყაზტრანსგაზ-თბილისი" გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს აფრთხილებს 
„ყაზტრანსგაზ-თბილისი" გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს აფრთხილებს 

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი” გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს მიმართავს და უსაფრთხოების ზომების დაცვისკენ მოუწოდებს.

კომპანია გლდანის მესამე მიკრო-რაიონში მომხდარ ფაქტს ეხმიანება, რა დროსაც ნაქირავებ ბინაში მცხოვრები ერთი ადამიანი გარდაიცვალა, მეორე კი უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც „ყაზტრანსგაზ-თბილისის” ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ ბინაში დამონტაჟებული კუსტარული წყალგამაცხელებლის საკვამლე მილი ბინის მეპატრონეს მიერთებული ჰქონდა კორპუსის სავენტილაციო არხზე, რამაც ბუნებრივი აირის ნამწვით​ ამავე კორპუსის პირველ სართულზე მცხოვრები ორი მეზობლის მოწამვლაც გამოიწვია.

კომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მისულმა ყაზტრანსგაზ-თბილისის თანამშრომლებმა ჩაჭრეს კუსტარულად დამონტაჟებული აკრძალული ღია კამერიანი დანადგარი.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი” აფრთხილებს გაქირავებული და დაგირავებული ბინების მეპატრონეებს.

„სასწრაფოდ ჩახსენით ღია კამერიანი წყალგამაცხელებლები (კალონკები) და გაზგამათბობლები, ასევე ნუ გამოიყენებთ კორპუსის სავენტილაციო არხებს საკვამლე მილების დასაერთებლად, რადგან ამით კლავთ თქვენს კორპუსში მცხოვრებ სხვა მობინადრეებს. გაუფრთხილდით თქვენი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებას.

სტატისტიკის მიხედვით ბუნებრივი აირის ნამწვით​ მოწამვლის და გარდაცვალების 70 % გაქირავებულ და დაგირავებულ ბინებში ხდება, რადგან ბინის მეპატრონეები ნაკლებად იცავენ უსაფრთხოებას იქ, სადაც თავად არ ცხოვრობენ, რაც დანაშაულია”, – აღნიშნულია კომპანიის განცხადებაში.

გლდანში, მესამე მიკრო-რაიონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა.

დატოვე კომენტარი