„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ - საბურთალოზე საცხოვრებელი კორპუსი აფეთქებას გადაურჩა
საბურთალოს რაიონში, ბახტრიონის ქუჩაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფის დახმარებით, ძლიერ აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
„კომპანიის ცხელ ხაზზე შემოვიდა შეტყობინება, რომ ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მე-15 სართულზე ძლიერი გაზის სუნი იგრძნობოდა.
სწრაფი რეაგირების ჯგუფის ადგილზე მისვლისთანავე უსაფრთხოების მიზნით საცხოვრებელ კორპუსს გაზის მიწოდება შეუწყდა. შემოწმდა ჭები, სავენტილაციო არხები, სადარბაზოები და მიმდებარე ტერიტორია.
კომპანიის სპეციალისტებმა სპეციალური, მეთანის საძიებო ლაზერული აპარატით შემოწმებისას, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში გაზის ძლიერი კონცენტრაცია დაადგინეს. ბინა დაკეტილი აღმოჩნდა. სამაშველო სამსახურის დახმარებით ბინაში შესვლისას კომპანიის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ გაზქურის ონკანი ღია მდგომარეობაში იყო“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“.
კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის კორპუსში საფრთხე მოხსნილია და გაზმომარაგება სრულად არის აღდგენილი.
„კომპანია მადლობას უხდის სწრაფი რეაგირების სპეციალისტებს დროული მოქმედებისთვის და საფრთხის განეიტრალებისთვის. მადლობა ასევე მოქალაქეს, რომელმაც დროულად დარეკა ცხელ ხაზზე და შეგვატყობინა საეჭვო სუნის შესახებ. სწორედ ამ ქმედებების შედეგად საცხოვრებელი კორპუსი ძლიერ აფეთქებას გადაურჩა“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოქალაქეებს აფრთხილებს, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის ონკანები და დანადგარები და სახლიდან გასვლისას შეამოწმონ მათი მდგომარეობა.
„ნუ ჩაუვლით გულგრილად ადგილს, სადაც გაზის სუნი იგრძნობა. გამოიჩინეთ სიფრთხილე და გახსოვდეთ, რომ არსებული კანონმდებლობის თანახმად, მომხმარებელი თავად არის პასუხისმგებელი თავის საცხოვრებელ ფართში გაზის მოწყობილობების უსაფრთხოებაზე“, – აცხადებენ „ყაზტრანსგაზ-თბილისში“.