„თბილისი ენერჯი“ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ გაზის დაგროვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს
„თბილისი ენერჯი“ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლში“ გაზის დაგროვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

„სითი მოლი“ აფეთქებას გადაურჩა, – ამის შესახებ „თბილისი ენერჯის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

„თბილისი ენერჯის“ ცხელ ხაზზე შეტყობინება შევიდა, რომ ქავთარაძის #1-ში მდებარე სავაჭრო ცენტრში ძლიერი გაზის სუნი იდგა. ადგილზე დროულად მისული „თბილისი ენერჯის“ სწრაფი რეაგირების ჯგუფებმა ლაზერული აპარატით შემოწმებისას გაზის მაღალი კონცენტრაცია დააფიქსირეს.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სასწრაფო დახმარებისა და პოლიციის ეკიპაჟები.

„თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა უსაფრთხოების მიზნით ობიექტს გაზმომარაგება შეუწყვიტეს.

შენობის საფუძვლიანად დათვალიერებისა და შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ სავაჭრო ცენტრ „სითი მოლის“ შენობაში, ერთ-ერთ სამზარეულოში ღია მდგომარეობაში იყო დატოვებული გაზქურის რვა სანთურა. „სითი მოლი“ აფეთქებას გადაურჩა“, – აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

„თბილისი ენერჯი“ მადლობას უხდის იმ ადამიანს, ვინც მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა გამოიჩინა და შეგვატყობინა საშიშროების შესახებ.

კომპანია ასევე მადლობას უხდის საკუთარ თანამშრომლებს, რომლებმაც უსწრაფესად გაანეიტრალეს საფრთხე და შენობა ძლიერ აფეთქებას გადაარჩინეს.

„თბილისი ენერჯი“ ყველას მოგიწოდებთ – იყავით ფრთხილად და ყურადღებით. გთხოვთ, საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდეთ. მუდამ შეამოწმეთ გაზის დანადგარები, რათა თავიდან ავირიდოთ უბედური შემთხვევები, რომლებიც სამწუხაროდ ხშირად ადამიანების სიკვდილით მთავრდება“, – აცხადებენ „თბილისი ენერჯიში“.

დატოვე კომენტარი