ავლაბარში ორი ადამიანი სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა
ავლაბარში ორი ადამიანი სავარაუდოდ, CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა

თბილისში, ქეთევან წამებულის 29 ნომრის მიმდებარედ ორი ადამიანი სავარაუდოდ, გაზის ნამწვის ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლებმა განუცხადეს.

როგორც კომპანიის სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსი ირაკლი დეკანოიძე აცხადებს, შემთხვევა ძველ, მიტოვებულ შენობაში მოხდა, რომელიც საცხოვრებლად იყო გადაკეთებული.

„გამოგვიძახა საგანგებო სამსახურის ჯგუფმა. ადგილზე მისვლისას დაგვხვდა ორი ადამიანი, რომლებიც გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებისა და პოლიციის გადმოცემით, ისინი უკვე გარდაცვლილნი იყვნენ. ეს არის ძველი მიტოვებული შენობა, რომელსაც საცხოვრებელს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ფაქტია, რომ საცხოვრებლად ჰქონდათ მოწყობილი, რადგან საწოლები დგას და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიც არის. აღმოჩნდა, რომ მათ გაზი უკანონოდ ჰქონდათ მიერთებული და მოიხმარდნენ გაზს და სახლში ჰქონდათ ისეთი ტიპის დანადგარები, რომლის დაყენებაც არ შეიძლება დახურულ სივრცეში, აკრძალულია. მათ თვითნებურად ჰქონდათ გაზის ცენტრალური მილიდან საცხოვრებელში შეყვანილი გაზი. გარდაცვლილებიდან ერთი 1990 წელს დაბადებული ხოლო მეორე 2008 წელს იყო დაბადებული. მათი გარდაცვალების მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ეს მოხდა CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად“, – განაცხადა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა.