ახალციხეში, რესტორან „იმერეთში“ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა
ახალციხეში, რესტორან „იმერეთში“ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე რესტორან „იმერეთში“ აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

როგორც საქართველოს პირველ არხს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, ხუთსართულიანი შენობის პირველ სართულზე განთავსებულ უმოქმედო რესტორნის სარდაფში, პირველადი ინფორმაციით, გაზის გაჟონვა მოხდა, რამაც აფეთქება გამოიწვია. დაშავებულები მაშველებმა ამოიყვანეს და სასწრაფომ კონტაქტურ მდგომარეობაში კლინიკაში გადაიყვანა.

უწყების ინფორმაციით, შენობაში ევაკუაცია განხორციელდა. შენობიდან 12 ოჯახია გამოყვანილი.

რაც შეეხება დაშავებულების მდგომარეობას, ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის ხელმძღვანელი რევაზ კუჭუხიძე ამბობს, შუახნის ქალბატონსა და შუახნის მამაკაცს აღენიშნებოდათ შოკი, პოლიტრავმა, მრავლობითი დამწვრობით. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და უტარდება რეანიმაციული ღონისძიებები.

თვითმხილველების ინფორმაციით, ცოლ-ქმარი სარდაფში ჩავიდა, შუქის ანთების დროს კი სავარაუდოდ შენობაში დაგროვილი ბუნებრივი აირი აფეთქდა. აფეთქების შედეგად, დაზიანებულია ხუთსართულიანი შენობის პირველი სართული, ჩამსხვრეულია მინები. ადგილობრივები ამბობენ, რომ აფეთქებამ შენობა მნიშვნელოვნად დააზიანა.

შემთხვევის ადგილზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ. მათი განცხადებით, დაზიანებული კორპუსის მაცხოვრებლებს დღეს სასტუმროში გადაიყვანენ, პარალელურად კი სპეციალისტების მხრიდან დაიწყება კორპუსის შემოწმების პროცედურა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.