„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, უარი თქვან ღია წვის კამერიან გამაცხელებლებსა და გამათბობელებზე
„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, უარი თქვან ღია წვის კამერიან გამაცხელებლებსა და გამათბობელებზე

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ კიდევ ერთხელ მოუწოდებს აბონენტებს, გაითვალისწინონ სპეციალისტების რჩევები და უარი თქვან ღია წვის კამერიან გამაცხელებლებსა და გამათბობელებზე.

თბილისში მდებარე ბინაში, სადაც ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი გამათბობელი იყო დამონტაჟებული ორი გარდაცვლილი იპოვეს.

კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცნობით, წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალება „ცეო“-ს გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევა ნაქირავებ ბინაში მოხდა.

„გვიან ღამით კომპანია „ყაზტრანსგაზ – თბილისში“ შემოვიდა შეტყობინება, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, კნოლევის ქუჩაზე ერთერთ საცხოვრებელ სახლში ორი ადამიანი იყო გარდაცვლილი. კომპანიის სპეციალისტების მიერ საცხოვრებელი სახლი შემოწმდა. ბინაში ტექნიკური ნორმების დარღვევით ღია წვის კამერიანი (ნიკალას ტიპის) გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ეზოში უსაფრთხოების ნორმების დარღვევით დამონტაჟებულია ასევე სამი ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებელი. საცხოვრებელ სახლს გაზმომარაგება შეუწყდა“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში და ასევე მითითებულია, რომ საცხოვრებელი სახლის მთავარ მრიცხველზე თვითნებურად მიერთებულია რამდენიმე ქვემრიცხველი.

კომპანია მოუწოდებს აბონენტებს, დაიცვან უსაფრთხოების ელემენტარული წესები, დარეკონ ცხელ ხაზზე და მოითხოვონ საცხოვრებელი სახლების შემოწმება.განსაკუთრებული ყურადღებას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ნაქირავებ ან ნაგირავებ ბინაში მცხოვრებლებს ურჩევს.